საფრანგეთმა აშშ-ს შინ ვერ მოუგო
საფრანგეთმა აშშ-ს შინ ვერ მოუგო

რუსეთში გამგზავრებამდე საფრანგეთის ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა – ლიონში მიიღო აშშ-ის ნაკრები და მატჩის დიდი ნაწილი მდევრის როლში იმყოფებოდა.
ამერიკელებმა ანგარიში 44-ე წუთზე გახსნეს – გერმანული “ფიურტის” ფეხბურთელმა ჯულიან გრინმა გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ეს იყო აშშ-ის პირველი გოლი ისტორიაში საფრანგეთის ნაკრების კარში.

ფრანგებმა საპასუხო გოლი 78-ე წუთზე გაიტანეს, როცა “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა კილიან მბაპემ დაარტყა ზუსტად.
საფრანგეთმა ვერ მოიგო დიდი უპირატესობის მიუხედავად: დიდიე დეშამის შეგირდებს ბურთის ფლობა 68 პროცენტი ჰქონდათ, დარტყმების შეფარდება იყო – 18:3, ზუსტი დარტყმები – 6:2, კუთხურები – 9:2.

55-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრების ძირითად ფორვარდს ოლივიე ჟირუს თავი გაუტეხეს და ის იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. მის ნაცვლად, თამაში გააგრძელა უსმან დემბელემ.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა:
ლორისი, სიდიბე (პავარი, 74), უმტიტი, ვარანი, მენდი (ერნანდესი, 66), პოგბა, კანტე, გრიზმანი (ფეკირი, 69), მატუიდი (ტოლისო, 58), ჟირუ (დემბელე, 58), მბაპე (ლემარი, 88).