საფრანგეთის სასამართლო მშობლებს შვილისთვის გრიზმან მბაპეს დარქმევის უფლებას არ აძლევს
საფრანგეთის სასამართლო მშობლებს შვილისთვის გრიზმან მბაპეს დარქმევის უფლებას არ აძლევს

ოჯახმა საფრანგეთის პატარა ქალაქ ბრივიდან, ახალდაბადებულ ვაჟს სახელად გრიზმან მბაპე დაარქვა. ბავშვის მშობლები ზაფხულში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ, სადაც საფრანგეთმა პლანეტის საუკეთესო გუნდის წოდება მოიპოვა. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა წყვილმა გადაწყვიტა, ამ ზეიმის ორი მთავარი შემოქმედის, ანტუან გრიზმანისა და კილიან მბაპეს პატივსაცემად შვილის დაბადების მოწმობაში, სახელისა და გვარის აღმნიშვნელ გრაფაში, გრიზმან მბაპე ჩაეწერა. ეს ინიციატივა არ მოიწონა ქალაქის მთავრობამ, რომლის წარმომადგენლებმაც ჩათვალეს, რომ მშობლები ბავშვის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. საქმე სასამართლოს გადაეცა. საფრანგეთში არსებული კანონმდებლობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებს აქვთ უფლება, ჩაერიონ ახალშობილისთვის სახელის დარქმევის საქმეში, თუ მშობლების გადაწყვეტილება ბავშვის ინტერესებს ლახავს. ამჯერადაც შემთხვევა სასამართლოს განხილვის საგანი გახდა და დიდი ალბათობით, საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივარ წყვილს ვაჟისთვის ახალი სახელის შერჩევა მოუწევს.