საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი - მიქაუტაძის დამსახურებაა, „მეცს“ ლიგაში დარჩენის შანსი რომ დარჩა #1TVSPORT
„მეცს“ საფრანგეთის ლიგა 1-ში დარჩენის შანსი ჯერ კიდევ რომ აქვს, ეს გიორგი მიქაუტაძის დამსახურებაა, – ამის შესახებ „მეცისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, სირილ პუჟემ (სამი მატჩი ნაკრებში) გამოცემა republicain-lorrain-თან ინტერვიუში ისაუბრა.
პუჟე ის ფეხბურთელია, რომელმაც „მეცის“ რიგებში გიორგი მიქაუტაძემდე ზედიზედ ორ მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა. მისი ეს მიღწევა 1995 წლით თარიღდება. რაც შეეხება ქართველ თავდამსხმელს, გიორგიმ „ბრესტისა“ და „ლანსის“ წინააღმდეგ 2-2 გოლი გაიტანა.
„დიდი ხანია, „მეცს“ შედეგიანი თავდამსხმელია არ ჰყოლია, მე გამორჩეული ბომბარდირი არ ვყოფილვარ. ამის გათვალისწინებით, 29 წელში ჩემი „რეკორდი“ რომ არ უმჯობესდებოდა, წარმოუდგენელია.
რა თქმა უნდა, მესიამოვნა გიორგი მიქაუტაძის დუბლები. სასიამოვნოდ გაოცებული და ამაყი ვარ, „მეცში“ ასეთი თავდამსხმელის ხილვით.
მე, როგორც ყოფილი შემტევი, ვფიქრობ, რომ მიქაუტაძე საუკეთესოა იმ ფორვარდებს შორის, რომლებსაც ბოლო წლებში გუნდში უთამაშიათ. თუ „მეცს“ ლიგა 1-ში დარჩენის შანსი დღესაც აქვს, ეს, დიდწილად, მისი დამსახურებაა. მიქაუტაძეს წარმოუდგენელი გოლების გატანა შეუძლია“, – ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი.