საფრანგეთის ლიგა 1-ის ვებგვერდმა მიქაუტაძე „ლანსთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა #1TVSPORT
„მეფე გიორგი“ – ასე უწოდეს საფრანგეთის ლიგა 1-ის ინსტაგრამის გვერდზე „მეცისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს, რომლის დუბლითაც „მეცმა“ „ლანსი“ 2:1 დაამარცხა.
„მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ ზედიზედ მეორე შეხვედრაში დუბლი შეასრულა, სულ კი მიმდინარე სეზონში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა (ნახევარი სეზონი ამსტერდამის „აიაქსში“ გაუცდა) და, ფაქტობრივად, ყველა შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა – ცხრა გოლითა და სამი საგოლე გადაცემით მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში მე-8 ადგილზე დაწინაურდა.
flashscore-მა მიქაუტაძისა და დიალოს თამაში 8.0 ქულით შეაფასა, ხოლო sofascore-მა (8,5) და whoscored-მა (8,4) ქართველს უმაღლესი შეფასება დაუწერეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.