საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი - მიქაუტაძე „მეცის“ მბაპეა, უდიდესი სიხარულია, როცა ასეთი თავდამსხმელი გყავს #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გიორგი მიქაუტაძეზე წერილი გამოაქვეყნა და გულშემატკივარს ქართველი ფეხბურთელის წარმატებული კარიერა გააცნო, „მეცის“ მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ კი გიორგის „მეცის“ მბაპე უწოდა.
გიორგი მიქაუტაძის გზა საფრანგეთის ლიგა 1-მდე
„გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ წარმატებულ თამაშს განაგრძობს, გადავხედოთ ლიგა 1-ში მის კარიერას.
იანვარში „აიაქსიდან“ იჯარით დაბრუნების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე თითქოს საბრძოლო მანქანად იქცა „მეცში“, რომელიც ლიგა 1-ში დარჩენისთვის იბრძვის. საკითხი შეიძლება ბოლო ტურამდე არ გადაწყდეს. „მეფე გიორგიმ“ (ფანები მიქაუტაძეს სიყვარულით ასე ეძახიან) „მეცის“ შედეგიანობა გაზარდა და, შესაძლოა, ლიგაში ადგილი შეუნარჩუნოს.
ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 10 გოლი გაიტანა, მათგან რვა გოლი ბოლო 13 მატჩში მიითვალა. ბოლო სამ შეხვედრაში კი მის ანგარიშზე ხუთ გოლია.
„ლიონის“ უარი და წინსვლა „სერენში“
მიქაუტაძე „ლიონის“ საფეხბურთო აკადემიაში რვა წლის ასაკში შევიდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ლიონელებმა გუნდიდან გაუშვეს, რამაც გული ძალიან დაწყვიტა – „ეს იყო წარუმატებლობა, რომელმაც ჩემი ბავშვობის ოცნებები დაამსხვრია“, – განაცხადა მოგვიანებით ქართველმა თავდამსხმელმა.
„ლიონიდან“ მიქაუტაძე „მეცში“ გადავიდა, სადაც თავიდან სარეზერვო გუნდში თამაშობდა, მოგვიანებით კი იჯარით ბელგიაში გაუშვეს და კარიერა „სერენში“ გააგრძელა. ეს იყო პროფესიულ ფეხბურთში მისი პირველი ნაბიჯები და თავის გამოჩენის შანსი, რომ ყველასთვის ეჩვენებინა თავისი შესაძლებლობები.
„სერენის“ ყოფილი მენეჯერი, ჟან-ლუი გარსია იხსენებს: „როდესაც კლუბში მივედი, მიქაუტაძემ ჩემზე შთაბეჭდილება ძალიან სწრაფად მოახდინა. ძალიან გამიკვირდა, რომ ის იჯარით დაგვითმეს, რადგან თავდამსხმელისთვის საჭირო ყველა თვისება ჰქონდა – სიჩქარე, სიზუსტე, დინამიურობა. იმ პერიოდში ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ვიბრძოდით და იმედი მომეცა, რომ გიორგი ამ ამოცანის გადაჭრაში დაგვეხმარებდა“.
ლასლო ბოლონი – მაქაუტაძე „მეცის“ მბაპეა
ბელგიაში წარმატებული თამაშის (33 მატჩი, 15 გოლი) შემდეგ, „მეცის“ (რომელიც ლიგა 1-ში დაბრუნებისთვის იბრძოდა) მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ მიქაუტაძე გუნდში დააბრუნდა და ახალგაზრდა თავდამსხმელს ნდობა გამოუცხადა.
„გვეყო სითამამე და შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელების დაყენება გავრისკეთ, რომელსაც მანამდე სერიოზულად არ აღიქვამდნენ“, – განაცხადა ბოლონიმ.
მიქაუტაძემ მწვრთნელის ნდობა გაამართლა და ლიგა 2-ში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა – 23 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო. ქართველმა ლიგა 1-ში სადებიუტო თამაშებიც მაღალ დონეზე ჩაატარა და გასულ ზაფხულში ნიდერლანდური გრანდის, „აიაქსის“ ფეხბურთელი გახდა.
მაგრამ „აიაქსში“ თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა და იანვარში „მეცში“ დაბრუნდა, სადაც საქმეს თავიდან შეუდგა. „ლანსთან“ დუბლის შესრულების შემდეგ, მიქაუტაძემ ბოლო ტურში „ლე ჰავრსაც“ გაუტანა და გუნდი ლიგა 1-ის ცხრილში მე-15 ადგილზე დააწინაურა.
„მიქაუტაძე „მეცის“ მბაპეა. „ლე ჰავრთან“ ბოლო მატჩში დავინახე, რომ საუკეთესო ფორმა აღიდგინა. გუნდში ასეთი თავდამსხმელის ყოლა, უდიდესი ბედნიერებაა“, – ეს „ლე ჰავრთან“ მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ თქვა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის დარჩენილ ტურებში „მეცს“ „ლილის“, „რენის“, „სტრასბურისა“ და პსჟ-ის წინააღმდეგ ურთულეს მატჩები ელის და დახმარება დასჭირდება, რომელიც შეუძლიათ „მეფე გიორგისგან“ მიიღონ“, – წერს ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი.