საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში არ გამორიცხეს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზიდანის დანიშვნა #1TVSPORT
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ არ გამორიცხა იმის ალბათობა, რომ ქვეყნის ნაკრების მომდევნო ახალი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იქნება.
„წარმოვიდგინოთ, რომ დიდიე დეშამმა წასვლა მოისურვა. ცხადია, მაშინ ყველას გონებაში ამოუტივტივდება ზიდანის სახელი. თუმცა, ჩვენ ახლახან გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე, ამიტომაც, დღეს არ არის მემკვიდრეობაზე ლაპარაკის დრო“, – განუცხადა გაზეთ „ეკიპს“ ლე გრემ.
ნაკრების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამის კონტრაქტი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ბოლომდეა ძალაში. ზიდანი 2021 წლის მაისიდან უმუშევარია, როცა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
ცოტა ხნის წინ, ზიდანმა უარი თქვა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაძღოლაზე, ხოლო „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ ფრანგი სპეციალისტი მალე ჩაუდგება სათავეში პარიზულ კლუბს.