საფრანგეთი 98 - ყველა ვარსკვლავი 3:2
საფრანგეთი 98 - ყველა ვარსკვლავი 3:2

სენ დენიში “სტად დე ფრანსზე” ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც საფრანგეთის ნაკრების 1998 წლის ჩემპიონატში გამარჯვების 20 წლისთავს მიეძღვნა. მაშინდელი ტრიუმფალური ნაკრები არსენ ვენგერის “ყველა ვარსკვლავის” გუნდს ხვდებოდა.

საფრანგეთის ნაკრებში თითქმის ყველა ის ფეხბურთელი ვიხილეთ, ვინც 20 წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გამონაკლისი იყო დიდიე დეშამი, რომელიც რუსეთშია და საფრანგეთის ნაკრებს თავკაცობს და დავიდ ტრეზეგე, რომელიც ასევე რუსეთში იმყოფება გარკვეული მისიით.

1998 წლის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ემე ჟაკემ სასტარტოში დააყენა 10 ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის პირველი მატჩის ძირითადში იყო.

აღსანიშნავია, რომ ვენგერის გუნდში ითამაშა ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა, რომელიც ფეხბურთელის კარიერის დაწყებას ცდილობს.

შეხვედრა საფრანგეთმა 3:2 მოიგო. მასპინძელთაგან გოლები ტიერი ანრიმ (22-ე წუთი), ზინედინ ზიდანმა (49) და ვენსან კანდელამ (67) გაიტანეს, “ვარსკვლავების” მხრიდან – ფერნანდო მორიენტესმა (8) და გაისკა მენდიეტამ (60).

საფრანგეთი: ბარტეზი, ტურამი, ბლანი, დესაი, ლიზარაზუ, კარამბე, პეტი, ჯორკაეფი, ზიდანი, ანრი, გივარში.
სათადარიგოები: ლამა, შარბონიე, კანდელა, ჯეტუ, ლებეფი, ბოგოსიანი, ლამუში, ვიეირა, პირესი, ბა, დუგარი, დიომედი.

ყველა ვარსკვლავი: ტოლდო, ზენონი, შიმიჩი, ალდაირი, საველიჩი, რომასი, დავიდსი, სტოიკოვიჩი, ეტო’ო, ვიერი, სტოიჩკოვი.

სათადარიგოები: ჯეიმსი, ბილიჩი, ისა, ნტამპიცასი, მენდიეტა, სტანიჩი, კარაგუნისი, მორიენტესი, კლუივერტი, ბოლტი.