საფეხბურთო უქმეები იტალიაში: იკარდის პოკერი და ორი ქულა ლიდერებს შორის
ისევ დაიძაბა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სიტუაცია სერია A-ში. შუა კვირაში “იუვენტუსმა” გადადებული მატჩი მოუგო “ატალანტას” და უპირატესობა “ნაპოლისთან” ოთხ ქულამდე გაზარდა. მაგრამ, 29-ე ტურის შემდეგ ეს სხვაობა შემცირდა და ამაში დამნაშავე აუთსაიდერი სპალია, რომელმაც ისე დაიცვა საკუთარი კარი, რომ ტურინელებმა არა თუ ერთი გოლიც ვერ გაიტანეს, ერთი ზუსტი დარტყმაც კი არ ჰქონიათ (0:0). ბოლოს ასეთი რამ შარშან, სექტემბერში “კამპ ნოუზე” მოხდა.
ამ მატჩის შემდეგ, შეწყდა “იუვენტუსის” 12-მატჩიანი მოგებათა სერია, თუმცა, ჩემპიონი 16 მატჩია არ მარცხდება და 10 თამაშია გოლი არ გაუშვია.
როგორც მოსალოდნელი იყო, კვირას “ნაპოლიმ” შინ “ჯენოა” დაამარცხა და სხვაობა ლიდერთან ორ ქულამდე შეამცირა. ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე კეფით ალბიოლმა გაიტანა.
გასულ უქმეებზე ევროპაში სამი პოკერი იყო და ერთ-ერთი იკარდიმ შეასრულა. “ინტერმა” დაიბრუნა სტაბილურობა და 5:0 მოუგო “სამპდორიას”. უკვე პირველ ტაიმში 4:0 იყო ანგარიში. იკარდიმ ჰეთ-თრიკი მაქსიმალურად მრავალფეროვნად შეასრულა – პენალტით გაიტანა, ქუსლით და დამატებაზე. 51-ე წუთზე კი მის ანგარიშზე უკვე პოკერი იყო. ის გახდა მეხუთე არგენტინელი, რომელსაც სერია A-ში 100 გოლი გაუტანია.
იტალიის ჩემპიონატის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია “სასუოლოს” პირველი მოგება დეკემბრის შემდეგ – გუნდმა სამი ქულა უდინეში აიღო (2:1). “უდინეზეს” ცუდად აქვს საქმე – ზედიზედ მეხუთედ წააგო და, ალბათ, მასიმო ოდოს გაუშვებენ.
ლუკას ლეივამ პირველად გაიტანა 2009 წლის შემდეგ, მაგრამ “ლაციომ” მაინც ვერ მოიგო – 1:1 “ბოლონიასთან”. ამ ფრის შემდეგ, რომაელები გამოვარდნენ პირველი ოთხეულიდან და იქ “ინტერი” შეუშვეს.
“მილანმა” სწრაფი გოლი გაუტანა “კიევოს”, შემდეგ ორი ბურთი მიიღო ერთ წუთში და შესვენებისთვის მდევრის როლში აღმოჩნდა. მეორე ნახევარში კუტრონემ ვიდეორეფერის დახმარებით გაიტანა, 82-ე წუთზე კი “მილანს” ანდრე სილვამ მოაგებინა – ზედიზედ მეორედ. 3:2 და გატუზოს “მილანს” 2018 წელს მხოლოდ ვენგერის “არსენალთან” აქვს წაგება. ჩემპიონთა ლიგის ზონამდე მხოლოდ 5 ქულაა დარჩენილი.