საფეხბურთო უქმეები ინგლისში: სალაჰის პოკერი და თასის მეოთხედფინალები
ინგლისში უქმეებზე პრემიერლიგის 31-ე ტურიც გაიმართა და თასის მეოთხედფინალებიც. ამ ეტაპზე თითქმის ყველა გრანდი იყო გასული, ამიტომაც ლიდერთაგან ჩემპიონატში მხოლოდ “ლივერპულმა” ითამაშა და 5:0 გაანადგურა “უოტფორდი”.
იურგენ კლოპის გუნდმა ერთი კვირით ადრე, “მანჩესტერ იუნაიტედთან” წააგო და მთელი ჯავრი “უოტფორდზე” იყარა. მოჰამედ სალაჰმა უკვე მესამე წუთზე გახსნა ანგარიში და მხოლოდ მაშინ დაწყნარდა, როცა პოკერი შეასრულა. კიდევ ერთი გოლი ფირმინომ გაიტანა. მერსისაიდელებმა ისარგებლეს იმით, რომ “ტოტენჰემი” თასზე თამაშობდა და მესამე ადგილზე გადავიდნენ.
სალაჰი გახდა 2013 წლის შემდეგ “ლივერპულის” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პოკერი შეასრულა. 5 წლის წინ ეს ლუის სუარესმა გააკეთა. ასევე, ლივერპულელთაგან ერთ მატჩში ოთხი გოლი რობი ფაულერსა და მაიკლ ოუენს აქვთ გატანილი.
ინგლისის თასის მეოთხედფინალური ეტაპი ორ დღედ იყო გაყოფილი. შაბათს, “ტოტენჰემმა” სტუმრად ძალიან იოლად მოუგო “სუონსის” – 3:0. ერიქსენმა დუბლი გაიფორმა, კიდევ ერთი გოლი ლამელას ანგარიშზეა. ლონდონელები ინგლისის თასის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ გავიდნენ.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა “ბრაიტონს” (2:0) და ისიც ნახევარფინალში ითამაშებს. ზედიზედ მეხუთე ოფიციალურ მატჩში გაიტანა ლუკაკუმ.
კვირას “ჩელსიმ” იწვალა სტუმრად “ლესტერის” წინააღმდეგ. ანგარიში ალვარო მორატამ გახსნა, რომელიც არ გამოიძახეს ამხანაგური მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრებში. ეს გასაგებიცაა, რადგან მორატამ დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა, მანამდე კი 13-მატჩიანი “მშრალი” სერია ჰქონდა.
“ლესტერმა” მეორე ტაიმში გაათანაბრა – თავი გამოიჩინა ჯეიმი ვარდიმ. შემდეგ იყო დამატებითი დრო და “ჩელსის” უცნაური გამარჯვების გოლი – თავით გაიტანა 169 სანტიმეტრი სიმაღლის პედრომ (გამოსვლაზე შეცდა შმეიხელი) – 2:1.
მეოთხე ნახევარფინალისტი გახდა “საუთჰემპტონი”, რომელმაც სტუმრად 2:0 დაამარცხა “უიგანი.
ნახევარფინალური წყვილები ასეთია:
21 აპრილი. ჩელსი-საუთჰემპტონი
22 აპრილი. მანჩესტერ იუნაიტედი-ტოტენჰემი