საფეხბურთო უქმეები გერმანიაში: "ბაიერნის" ჩემპიონობა 31 მარტამდე გადაიდო
ბუნდესლიგის 27-ე ტურში “ბაიერნის” გაჩემპიონების შანსი არსებობდა. ეს ის შემთხვევაში მოხდებოდა, თუ კვირას მიუნხენელები “ლაიპციგს” მოუგებდნენ, ხოლო “ბაიერნის” კონკურენტები ქულებს დაკარგავდნენ. მაგრამ, შაბათს ეს ინტრიგა გააქრო “შალკემ”, რომელმაც “ვოლფსბურგს” მოუგო. გელზენკირხენელებს გაუმართლათ – ჯერ “შალკეს” მეკარე ფერმანმა 76-ე წუთზე მოიგერია ვერჰაეგის 11-მეტრიანი, 85-ე წუთზე კი კნოხემ საკუთარ კარში ჩაეჭრა ბურთი – 1:0. “შალკემ” ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და პირველად 2009-10 წლების სეზონის შემდეგ, ზედიზედ ოთხ მატჩში არ გაუშვა.
მატჩის გმირი, რა თქმა უნდა, ფერმანი იყო, რომელიც ლევერკუზენელ ლენოსთან ერთად, ლიდერია მოგერიებული პენალტებით (ცხრა) ბუნდესლიგის მოქმედ მეკარეებს შორის. გარდა ამისა, ფერმანმა ზედიზედ 103-ე მატჩი ჩაატარა ძირითადში, რაც გერმანიის ჩემპიონატის რეკორდია.
ასე რომ “ბაიერნის” ჩემპიონობა მინიმუმ 31 მარტამდე გადაიდო. ეს ისედაც ასე მოხდებოდა, “შალკესაც” რომ ვერ მოეგო, რადგან რეკორდმაისტერი, მოულოდნელად, ლაიპციგში დამარცხდა, თანაც სავსებით სამართლიანად, რადგან მასპინძელი გუნდი არაფერში ჩამოუვარდებოდა მეტოქეს, დარტყმების რაოდენობითაც დაჯაბნა – 16:9 (ზუსტი დარტყმები – 6:2) და მომენტებიც მეტი შექმნა. არადა ვაგნერის გოლით “ბაიერნი” იგებდა, მაგრამ კეიტამ და ვერნერმა მიუნხენელთა ფორვარდს ორჯერ უპასუხეს. “ლაიპციგს” შესანიშნავი კვირა გამოუვიდა – გავიდა ევროპალიგის მეოთხედფინალში და “ბაიერნს” მოუგო, რითაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დაბრუნდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვების გოლის გატანა ტიმო ვერნერისთვის, რომელსაც 543 წუთი უგოლო სერია ჰქონდა.
* * *
“აინტრახტი” აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. ფრანქფურტელებმა უპრობლემოდ დაამარცხეს “მაინცი” და ისევ შევიდნენ ოთხეულში.
“კიოლნმა” კარგად ისარგებლა ალარიოს პირველ ტაიმში გაძევებით და “ლევერკუზენს” 2:0 აჯობა. ამით “თხებმა” ბოლო ადგილი “ჰამბურგს” გადაულოცეს და მეხუთე ადგილზე დატოვეს “ბაიერი”.
მიში ბატშუაიმ ისევ გაიტანა და “დორტმუნდმა” 1:0 მოუგო “ჰანოვერს”. ბელგიელს იანვარში “ჩელსიდან” გერმანიაში გადასვლის შემდეგ, 11 მატჩში 8 გოლი დაუგროვდა. ის, საშუალოდ, ყოველ 81 წუთში იტანს გოლს.
გიჟური სცენარი ჰქონდა მატჩს მიონხენგლადბახში. “ჰოფენჰაიმი” სამჯერ გავიდა წინ, მაგრამ “ბორუსია” ახერხებდა გათანაბრებას. ამ მატჩში დრმიჩმაც კი გაიტანა, რომელიც ორ წელი უგოლოდ იყო.
“აუგსბურგის” მცველმა ფილიპ მაქსმა მე-12 საგოლე პასი შეასრულა, რითაც ფილიპ ლამის რეკორდი (მცველებისთვის) დაამხო. “ბაიერნის” ლეგენდას 2012-13 წლების სეზონში 11 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.