ესპანეთის ჩემპიონატში 29-ე ტურის მატჩები გაიმართა. შაბათს ლიდერთაგან “ვალენსია” თამაშობდა, რომელმაც მშვიდად დაამარცხა “ალავესი” – 3:1. “ღამურებში” საუკეთესო გამთამაშებელი დანი პარეხო იყო, რომელმაც სეზონში მეშვიდე საგოლე პასი შეასრულა, რითაც პირადი რეკორდი დაამყარა. ლოპეტეგიმ პარეხო ესპანეთის ნაკრებში გამოიძახა, “ვალენსიამ” კი ბოლო შვიდ მატჩში მეექვსედ მოიგო.
ვალენსიელები ამ გამაჯრვებით მესამე ადგილზე, მაგრამ მხოლოდ დროებით, რადგან უკვე კვირას ეს პოზიცია ისევ “რეალმა”, როცა უქმეების ყველაზე შედეგიან მატჩში 6:3 მოუგო “ხერონას” და პირველ წრეში მარცხისთვის რევანში აიღო.
პირველ ტაიმში კრიშტიანუ რონალდუმ და სტუანიმ გოლები გაცვალეს. მეორე ნახევრის პირველ 20 წუთში რონალდუმ ორჯერ გაიტანა და ვასკესსაც გაატანინა – 4:1. სტუანიმ ერთი ბურთი გაქვითა, მთავარი მხიარულობა კი 85-ე წუთიდან დაიწყო, როცა ბეილმა მეხუთე გოლი გაიტანა, “რეალმა” მესამე გაუშვა და ბოლოს, რონალდუმ პოკერი შეასრულა.
ამ მატჩს რამდენიმე საინტერესო ფაქტი უკავშირდება:
– რონალდუმ 2018 წელს 21 გოლი დააგროვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატის მოთამაშეებს შორის. პორტუგალიელმა გაიფორმა ერთი პოკერი, ერთი ჰეთ-თრიკი და 6 დუბლი, აგრეთვე ორჯერ თითო გოლი გაიტანა.
– კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 50-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა.
– “რეალმა” ორი გოლი ქარიმ ბენზემას პასებით გაიტანა. ფრანგი ამ სეზონში მადრიდული კლუბის ლიდერია შედეგიანი გადაცემების რაოდენობით – 10. რვა აქვს კრიშტიანუ რონალდუს.
– “ხერონამ” სეზონში მესამედ გაუშვა 6 გოლი – მანამდე “ბარსელონასგან” და “ლას პალმასისგან”.
– “ხერონას” ფორვარდმა სტუანიმ ორივე გოლი თავით გაიტანა. ურუგვაელს ასეთი ხერხით უკვე რვა გოლი დაუგროვდა და ლიდერია ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატების მოთამაშეებს შორის. სულ სტუანის 17 გოლი აქვს ლა ლიგაში.
გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ “ბარსელონას” ბილბაოსთან თამაშში დისკვალიფიცირებული ლუის სუარესი აკლდა, ამიტომ ძირითადში პაკო ალკასერი თამაშობდა, რომელმაც ანგარიში მერვე წუთზე გახსნა. პირველ ტაიმში ლეო მესიმაც გაიტანა. სულ პირველ 45 წუთში “ბარსამ” ცხრაჯერ დაარტყა ზუსტად, “ბილბაომ” კი ვერც ერთხელ. ბასკები კმაყოფილნი უნდა იყვნენ, რომ მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს. მეორე ტაიმში კი გოლები აღარ ყოფილა – 2:0.
მესიმ თავისი გოლების რიცხვი 25-მდე აიყვანა – ასეთი რამ ზედიზედ მეცხრე სეზონში მოხდა, რაც აქამდე არც ერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.
“ბარსელონამ” გაზარდა პრიმერაში თავისი წაუგებელი სერია 36 მატჩამდე. კატალონელთა ბოლო მარცხი 2017 წლის აპრილით თარიღდება (“მალაგასთან” 0:2).
“ბარსელონას” უპირატესობა პრიმერაში 11 ქულამდე გაიზარდა. ანტუან გრიზმანმა “ვილიარეალს” მე-20 წუთზე გაუტანა და “ატლეტიკო” იგებდა, მაგრამ ვერ შეაფასა თურქი ენეშ იუნალი, რომელიც შეცვლაზე შევიდა მოედანზე და 19 წუთში თამაში გადაატრიალა. ამასთან, გამარჯვების გოლი მან კომპენსირებულ დროში გაიტანა. 2:1 – “ვილიარეალმა” ზედიზედ მეექვსედ არ წააგო “ატლეტიკოსთან”.
კლარენს ზეედორფის “დეპორტივომ” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა ლიგაში დასარჩენად ბრძოლაში – 1:1 პირდაპირ კონკურენტ “ლას პალმასთან”. “დეპორტივოს” მოუგებელი სერია პრიმერაში 14 მატჩამდე ავიდა, რაც საკლუბო ანტირეკორდის გამეორებაა.
“სოსიედადმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ეუსებიო საკრისტანი. 53 წლის ესპანელი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუშვეს – ბასკური გუნდი მე-15 ადგილზეა. მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს სეზონის ბოლომდე იმანოლ ალგუასილი შეასრულებს.