საფეხბურთო ტურის მთავარი ინტრიგა - ცეცაძე "სამტრედიას" გაუძღვება, "კოლხეთი" ხუთეულის გარეშე ითამაშებს
საფეხბურთო ტურის მთავარი ინტრიგა - ცეცაძე "სამტრედიას" გაუძღვება, "კოლხეთი" ხუთეულის გარეშე ითამაშებს

დღეს, ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველი ნახევრის ბოლო, მე-18 ტური დაიწყება, რომელსაც
აუტსაიდერისა და ლიდერის ბრძოლა გახსნის – ლანჩხუთში, “სამტრედია” ერთპიროვნულ ლიდერს, “საბურთალოს” უმასპინძლებს. შეხვედრა იმითაა საინტერესო, რომ “სამტრედიას” დროებით ისევ გია ცეცაძე გაწვრთნის, რაც ამ შეხვედრის მთავარი ინტრიგაა – მოახერხებს გამოცდილი სპეციალისტი გუნდის ათამაშებას, რომელსაც მარტის შემდეგ აღარ მოუგია და შეაჩერებს თუ არა ლიდერს?

ქუთაისის “ტორპედო” ფოთის “კოლხეთი 1913”-ს მიიღებს, რომელიც ბოლო ტურში თბილისის “დინამოსთან” 3:6 წაგების შემდეგ მკაცრად დასაჯეს – შეგახსენებთ, რომ დღეს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ, უეფას შესაბამისი სამსახურიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაასკვნა, რომ “კოლხეთის 1913”-ის მხრიდან ამ მატჩში ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ თამაშს და მის მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირების მცდელობას. სადისციპლინო კომიტეტმა “კოლხეთი 1913”-ის ხუთ მოთამაშეს ლაშა გოგონაიას, ბორის მახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიას და თორნიკე ჯიმშელეიშვილს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ცხადია, მომხდარი “კოლხეთის” თამაშზე გავლენას მოახდენს.

ხვალ ეროვნულ ლიგაში დარეჩენილი სამი მატჩი გაიმართება: ბოლო დროს მოფერიანებული “ლოკომოტივი” “რუსთავს” მიიღებს, საჩხერეს “ჩიხურა” – ბოლნისის “სიონს”. ტურის ცენტრალურ შეხვედრას “დინამო-არენა” უმასპინძლებს – მეორეადგილოსანი “დინამო” მესამე საფეხურზე მყოფ გორის “დილას” შეხვდება.

ამის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ერთთვიანი პაუზა იქნება, ჩემპიონატი კი 3 აგვისტოს განახლდება.