საფეხბურთო ტაიმაუტს „დინამო თბილისის“ აკადემიის ფეხბურთელები ესტუმრნენ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტს „დინამო თბილისის“ აკადემიის ფეხბურთელები ესტუმრნენ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემის, საფეხბურთო ტაიმაუტის სტუმრები „დინამო თბილისის“ აკადემიის ფეხბურთელები, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველი ლუკა შაშიაშვილი და 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გიორგი ლომიძე იყვნენ, რომლებმაც საკუთარ კარიერასა და იმედებზე ისაუბრეს.

ლუკა შაშიაშვილი: „ფეხბურთის თამაში მამაჩემის (გიორგი შაშიაშვილი) გამო დავიწყე, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშობდა და „დინამოს“ კაპიტანი იყო. ყველა ბავშვს გოლის გატანა უნდა, მაგრამ ეს ყველას არ გამოსდის.

ცენტრალური მცველის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ შეცდომას არ გპატიობენ. ვინ მომწონს ამ პოზიციაზე? ჩემთვის საუკეთესო სერხიო რამოსია. ახლა ბევრ გუნდში ჩვენი ასაკის მოთამაშეებს აწინაურებენ, რადგან ფიზიკური მომზადების პრობლემა მოგვარდა. მაგალითად, კუბარსი 25-26 წლის ასაკის მამაკაცივითაა განვითარებული. წარმატების მიღწევა ევროპაში უფრო ადვილია. თამაში თუ გინდა და ნიჭთან ერთად შრომისმოყვარეობა და დისციპლინა გაქვს, მიზნებს აუცილებლად მიაღწევ, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და ქინქლაძე ამის მაგალითები არიან. რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, ჯერ „დინამოს“ მთავარ გუნდში მოხვედრაზე ვფიქრობ, მერე კი – ევროპაში თამაშზე“.

გიორგი ლომიძე: „მე თამაში ხაშურის „ივერიაში“ დავიწყე. ნოდარ ახალკაცის სახელობის ფესტივალზე მესამე ადგილი დავიკავეთ, გამარჯვებული კი „დინამოს“ აკადემია გახდა, რომლის სელექციონერმა შემნიშნა და 8 წლიდან თბილისურ კლუბში ვთამაშობ.

თავიდან საყრდენი ნახევარმცველი ვიყავი, მაგრამ სიმაღლეში სწრაფად რომ გავიზარდე, მწვრთნელმა გადაწყვიტა, დაცვაში მეთამაშა. მე გურამ კაშია, მისი მიდგომა და პროფესიონალიზმი მაძლევს მაგალითს და ვცდილობ, მას მივბაძო. ცენტრალური მცველებიდან ვან დაიკი, არაუხო და კუბარსი მომწონს.  საერთოდ, ნიჭთან ერთად შრომისმოყვარეც თუ ხარ, მიზანს აუცილებლად მიაღწევ. კარიერაში ეტაპები უნდა გაიარო, ყველაზე მთავარი კი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა“.

ვლადიმერ გუცაევი, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანი: „ეს ბიჭები რომ დავინახე, ძალიან გამიხარდა. მინდა, გულშემატკივარს ვუთხრა, ჩვენი ორივე სტუმარი, ასაკის მიუხედავად, უკვე ძალიან მაღალია. ლუკა შაშიაშვილი 190 სმ-ია, ხოლო გიორგი ლომიძე – 192 სმ. ადამიანი სიმაღლეში 25 წლამდე იზრდება, ლუკა და გიორგი კიდევ შეიძლება გაიზარდონ. ეს ცენტრალური მცველებისთვის ძალიან კარგი სიმაღლეა, გარდა იმისა, რომ ორივე ნიჭიერია. ამავე დროს ორივეს მაგარი საფეხბურთო გემოვნება აქვს და წარმატებებს ვუსურვებ. ევროპაში ისე ზრდიან მოთამაშეებს, 16-17 წლის ასაკში ტაქტიკურად და ტექნიკურად პროფესიულ დონეზე სათამაშოდ მზად არიან. ამიტომ არ მიკვირს, თქვენს ასაკში ბევრი წამყვანი მოთამაშეა“.