საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ცეცაძე - ხვიჩას პსჟ-ში გადასვლა გამიხარდება #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ცეცაძე - ხვიჩას პსჟ-ში გადასვლა გამიხარდება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, გიორგი ცეცაძემ კომენტარი გააკეთა ფრანგულ და იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდეს.

„მიუღებელ ვარიანტად ნამდვილად არ მიმაჩნია, რადგან „პარი სენ-ჟერმენი“ ამბიციური  და მსოფლიოში გამორჩეული კლუბია, თან უმაღლესი ტიტულებისთვის იბრძვის. თუ ხვიჩა ამ კლუბში გადავა, გამიხარდება.

როგორც ვიცი, კვარაცხელიას ფრანგები ისე იწვევენ, როგორც გუნდის მამოძრავებელ ძალას. ვერ ვიტყვი, რომ მას მბაპეს შემცვლელად მოიაზრებენ – ხვიჩა პსჟ-ში იმიტომ გადადის, რომ რაც მბაპემ, მესიმ და ნეიმარმა ვერ შეძლეს, ამან უნდა გააკეთოს, ეს რამხელა მოტივაცია და ნდობაა.

ერთადერთი, რაც „პარი სენ-ჟერმენს“ უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ეს უნდა კვარასაც. მგონია, რომ ფრანგული კლუბი „ნაპოლიზე“ უკეთესია, ისიც საკამათოა, სერია A ჯობს თუ საფრანგეთის ჩემპიონატი“, – განაცხადა გიორგი ცეცაძემ.