„საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსკლუზივი | თემურ ქეცბაია - ჩვენს ჯგუფში ფავორიტებად ესპანეთისა და შოტლანდიის ნაკრებებს მივიჩნევ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო – მისი გაწვრთნილი გუნდი ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეა და საუბარი სწორედ ამით დაიწყო.
„ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან მოხვედრას ბევრი მიზეზის გამო არ ვისურვებდი. კვიპროსის ნაკრებმა ციკლი შოტლანდიასთან მატჩით დაიწყო. შოტლანდიელებს 13 ფეხბურთელი პრემიერლიგიდან ჰყავთ, როლებსაც კლუბებში პრაქტიკაც აქვთ და კარგადაც თამაშობენ. ასეთი კონტიგენტით ჯგუფიდან გასვლაზე რატომ არ უნდა იფიქრონ?
87-ე წუთამდე 0:1-ს ვაგებდით. ბოლოს თამაშის გადასარჩენად გავრისკეთ, შეტევის გაძლიერება ვცადეთ, ჩვენს დაცვაში სივრცეები გაჩნდა, ამით მეტოქემ ისარგებლა, ბოლოსკენ ორი გოლი გაგვიტანა და საბოლოოდ 0:3 წავაგეთ. ჩვენს წყვილში შოტლანდია ფავორიტი იყო, მაგრამ ჩვენც კარგი ფეხბურთელები გვყავს.
ზოგადად, ჩვენს ჯგუფში ფავორიტი ესპანეთია, ნორვეგიაც არაა ცუდი გუნდი. 0:3 წაგების მიუხედავად, ესპანეთთან კარგი თამაში აჩვენეს. არ ვიტყვი, რომ კვიპროსს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აქვს, ფავორიტები არ ვართ, მაგრამ გვინდა, ჩამოვაყალიბოთ გუნდი, რომელიც ერთა ლიგაზე იბრძოლებს – აქამდე ამ ტურნირზე ორჯერ ვითამაშეთ და ორივეჯერ ბოლო ადგილზე გავედით. ევრო 2024-ის ჯგუფში კი გვინდა, ყველას წინააღმდეგობა გავუწიოთ.
საკუთარ მოედანზე უკეთესად ვთამაშობთ – ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული საბერძნეთი დავამარცხეთ, ეს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ჩემი პირველი თამაში იყო. იმედი გვაქვს, რომ საკუთარ მოედანზე უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ.
საქართველოსა და ნორვეგიის თამაშის ეპიზოდები ვნახე. ჩვენ კარგი ნაკრები გვყავს, მაგრამ ნორვეგიის ფეხბურთელები ძლიერ გუნდებში თამაშობენ, ასეთ გუნდთან ფრე ცუდი შედეგი არ არის. ნორვეგიას მომენტები ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთში იღბალიც მნიშვნელოვანია.
შემდეგი თამაში საქართველოს ნაკრებს ივნისში კვიპროსთან და შოტლანდიასთან აქვს და ეს ორი მატჩი ბევრს გადაწყვეტს. ჩვენც ველოდებით ამ შეხვედრებს. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებში ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობენ – ამას დაუმატეთ კვარაცხელია და მამარდაშვილი, რომელიც საოცარი მეკარეა.
ესპანეთის ნაკრებში შემადგენლობა და სათამაშო სქემა შეიცვალა, ახლა ორი თავდამსხმელით თამაშობენ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის დროს რომ ვეთამაშებოდით, ისეთი დონის ფეხბურთელები ჰყავდათ, თამაშამდე ორი კვირა არ მეძინა. ახლაც ძლიერი შემადგენლობაა, თუმცა ადრინდელივით მაინც არაა. პირველი ტურებიდან გამომდინარე, ჯგუფის ფავორიტებად ესპანეთისა და შოტლანდიის ნაკრებებს მივიჩნევ.
უნდა ეთამაშა თუ არა ჩაკვეტაძეს ნორვეგიასთან? კრეატივი კარგია, მაგრამ დაცვაშიც უნდა გაიქცე და შეტევაშიც. ჩვენი პრობლემა ყოველთვის ფიზიკური მომზადება იყო. ამ დონეზე დღეს მარტო ის აღარ კმარა, ბურთი რომ იცი და ერთ კვადრატულ მეტრზე ხუთი კაცის მოტყუება შეგიძლია.
ჩვენ შოტლანდიასთან ბოლო წუთებზე რატომ წავაგეთ? მთელი თამაში პრესინგს გვეთამაშებოდნენ და გასაქანს არ გვაძლევდნენ. თავიდან ბევრი მომენტი არც შეუქმნიათ, გოლები მას შემდეგ გაიტანეს, როდესაც ზონები გავუხსენით.
კვარაცხელია და მამარდაშვილი რომ გვყავს ეს კარგია, მაგრამ ესპანეთის, შოტლანდიისა და ნორვეგიის ნაკრებებში მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ. შოტლანდიის ნაკრების სათადარიგოთა შორის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშე იჯდა, წარმოიდგინეთ, რა დონის ნაკრებია. ამიტომ ამ დონეზე, ამ ორი მოთამაშის გარდა, სხვა ფეხბურთელებიც საჭიროა.
სამწუხაროდ, შესაძლოა, ამ დონეზე სათამაშოდ საქართველოს ნაკრები მზად ჯერ კიდევ არ იყოს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, გუნდი შოტლანდიაში ჩავიდეს და ინდივიდუალიზმის ხარჯზე მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიოს. ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს და შეიძლება ჩვენი გუნდისთვის იქ თამაში უფრო ადვილი იყოს, მაგრამ, საერთო ჯამში, რთული შეხვედრები გველის“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.