„საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსკლუზივი „ინტერის“ მთავარი აკადემიის დირექტორთან - ქართული ფილიალი ჩვენი აკადემიების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს #1TVSPORT
მილანის „ინტერის“ საქართველოში დაარსებულ აკადემიას იტალიური კლუბის მთავარი აკადემიის ტექნიკური დირექტორი მარკო მონტი ესტუმრა. მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
„ჩვენს აკადემიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს – არა მხოლოდ მოედანზე განვითარებაში, არამედ, სამომავლოდ კარგ ადამიანებად რომ ჩამოყალიბდნენ. იმედი მაქვს, რომ ზოგი მათგანი ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე ითამაშებს, მაგრამ ჩვენი მიზანია, მათ კარგ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ. ბავშვებს ჩვენი საფეხბურთო იდეა უნდა გავაცნოთ, რადგან ის საფეხბურთო კლუბი ვართ, რომელსაც საკუთარი იდენტობა, კულტურა და ტექნიკური ფეხბურთის შესახებ საკუთარი ფილოსოფია გააჩნია. ვიცით, რომ საქართველოში ფეხბურთისადმი დიდი სიყვარული და მისწრაფებაა. ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია. ჩვენი აზრით, ეს არის ქვეყანა, სადაც ბავშვების განვითარება შეგვიძლია.
საქართველოს საფეხბურთო ტრადიციები აქვს და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ „ინტერი საქართველო“ ჩვენი აკადემიების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს. აქ არც თუ მარტივ პერიოდში დავიწყეთ მუშაობა, პანდემია იყო, მაგრამ 2 წელიწადში მოვახერხეთ და შესანიშნავი პარტნიორები ვიპოვეთ. მათთან ერთად კარგ საქმეებს მომავალშიც გავაკეთებთ. სპორტი ახალგაზრდებისთვის დახმარებაა, პრობლემებს თავი რომ აარიდონ, რადგან უამრავი ახალგაზრდა მოიხმარს ნარკოტიკსა და ალკოჰოლს. საქართველოშიც, მსოფლიოს მსგავსად, ეს დიდი პრობლემაა. მსოფლიოში ჩვენ დაახლოებით 15-მდე აკადემია გვაქვს – აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპაშის ცენტრალურ და სამხრეთ მხარეებში, ასევე ჩინეთში, იაპონიასა და ავსტრალიაში. ეს პროექტი 2008 წელს დაიწყო და „ინტერის“ იტალიური აკადემიების ანალოგიაა – ტექნიკური და ტაქტიკური ასპექტების გარდა, ყურადღებას ადამიანურ ფაქტორსაც ვაქცევთ. გადავწყვიტეთ, ეს გამოცდილება საზღვარგარეთ ჩვენი პარტნიორებისთვის გაგვეზიარებინა“.