ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ექსკლუზიური ინფორმაცია გააჟღერა – გერმანიის 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ ბაუმმა გუნდთან და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობა დაიწყო.
„დავინახეთ, რომ, ფაქტობრივად, კლუბში სატრანსფერო პოლიტიკა არ გვქონია და მუშაობა ანალიტიკურ ჯგუფებთან ერთად დავიწყეთ. ხარვეზები რამდენიმე მიმართულებით დავინახეთ და ვცდილობთ, რომ ეს გამოვასწოროთ.
სატრანსფერო აქტიურობა არ დაგვისრულებია, რადგან ფეხბურთელების საკმაოდ დიდ ჯგუფს ვაკვირდებით. ამ ეტაპზე კი ავიყვანეთ მხოლოდ ის მოთამაშეები, ვის თვისებებშიც დავრწმუნდით. ამჟამინდელი კონტიგენტი იმედის მომცემია, მაგრამ ჯერ იდეალურისგან შორს ვართ.
რამდენიმე ისეთი მოთამაშე დავიმატეთ, რომლების აყვანა სხვა კლუბებსაც სურდათ ან მოქმედი კონტრაქტები აკავებდათ და მათი ტრანსფერების გამოსყიდვა მოგვიწია. ვფიქრობ, როდესაც სტრატეგიულად სწორად უდგები საკითხს, შეიძლება, შედეგი უკეთესი იყოს.
აქცენტი ავიღეთ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებზე – ბრაზილიელი დავიდ კაიკე ნიჭიერი მოთამაშეა და პირველივე თამაშში გოლი გაიტანა. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ და გვგონია, რომ ასეთი მებრძოლი და ამავე დროს, კარგი ტექნიკის მქონე მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატს ძალიან მოუხდება.
კიდევ რამდენიმე მოთამაშეს ვაკვირდებით და არ გვინდა, შევცდეთ, რადგან (ევროტურნირისთვის) მოსამზადებლად ექვსი თვე გვაქვს და ეს მოკლე პერიოდია, მერე რაიმეს შეცვლა ძალიან ძნელი იქნება. ზაფხულში 1-2 მოთამაშე შეიძლება დავიმატოთ, მაგრამ ძირითადი ბირთვი ახლა უნდა შეიკრას, რომ ფეხბურთელებმა შეთამაშება მოასწრონ და ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს კარგ ფორმაში შეხვდნენ.
სამწვრთნელო სტაფის მიღმა, სელექციაში ჩართული გვყავს ანალიტიკური ჯგუფები, რომლებიც ახლა სწავლობენ ქართულ ლიგას და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ბევრად უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება ჩვენი გუნდის მოთამაშეების შესახებ. ვნახეთ, რომ რაღაც პოზიციებზე კარგი ფეხბურთელების მოძებნა საქართველოშიცაა შესაძლებელი, მაგრამ რაღაც პოზიციებზე მათი აქ ნახვა გვიჭირს.
შესაბამისად, მივდივართ იქამდე, რომ გავიგოთ, რაშია პრობლემა და რატომ ვერ ახერხებენ ქართული კლუბები სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან სერიოზული კონკურენციის გაწევას. ერთი შეხედვით, შარშან ბათუმის „დინამო“ ძალიან კარგი გუნდი იყო, მოლოდინიც გვქონდა, რომ ამჯერად შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან მძიმე დასასრული ჰქონდა.
ამას სჭირდება ანალიზი, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ უნივერსიტეტში სპეციალური ფაკულტეტი, რომელიც სპორტს მეცნიერულ დონეზე შეისწავლის. ამას ხელმძღვანელობს ძალიან ცნობილი გერმანელი სპეციალისტი მანუელ ბაუმი, რომელიც გერმანიის 18 და 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო და „შალკესა“ და „აუსბურგში“ მუშაობდა.
მას თავიდან „ტორპედოს“ სპორტული დირექტორობა შევთავაზეთ, მაგრამ როდესაც გავიცანით, მივხვდით, რომ მისი გაქანება გაცილებით ფართოა, ვიდრე კლუბის დირექტორობა. ის გვეხმარება ზოგადად საფეხბურთო კლუბის კონცეფციის აწყობაში. თურქულ შეკრებაზე გავემგზავრებით, სადაც თამაშებს გადავიღებთ და ის სპეციალური აპარატურით მონაცემებს დაამუშავებს და გაანალიზებს. ანუ ამ კუთხით სრულიად ახალი მიდგომა გვექნება.
შემდეგ დავბრუნდებით საქართველოში და გერმანელების მეორე ჯგუფი ჩამოვა, რომლებიც უკვე სამედიცინო ნაწილში ჩაერთვებიან და ნახავენ, ამ კუთხით ფეხბურთელებთან მუშაობა რამდენად სწორად გვაქვს დაგეგმილი. იმავე სწორ კვებას გააკონტროლებენ, რადგან ამან დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს და ის პატარა უპირატესობა მოგვცეს, რაც მოსაგებად აუცილებელია.
მათი დაკვირვების შედეგები ძალიან საინტერესოა: გვირჩიეს, რომ ქართველი მსაჯები უფრო ლოიალურები არიან და შეიძლება გუნდი უფრო ხისტი იყოს. აღმოჩნდა, რომ ქართველები თამაშის დროს უფრო პრესინგის იმიტაციას ვახდენთ, ვიდრე რეალურ პესინგს ვახორციელებთ – როდესაც რეალური პრესინგი იწყება, ჩვენი ფეხბურთელები ჩერდებიან და რეალურად არ მირბიან მეტოქესთან.
ჩვენი შეხედულებით, მსგავსი ანალიზი მხოლოდ ჩვენთან არ უნდა ხდებოდეს და დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველა ქართულ კლუბს შევთავაზოთ. იმიტომ, რომ დონის ასაწევად ძლიერი კონკურენტებია საჭირო. პლუს ეროვნული ლიგა მარკეტინგულადაც შესაფუთია და ფინანსური მიმართულებითაც საჭიროა ანალიზი“, – ამბობს დავით კერესელიძე.
მანუელ ბაუმი
კარიერა
1998–2006 ისმანინგი
2006–2008 უნტერჰაჰინგი
სამწვრთნელო კარიერა
2006–2009 უნტერჰაჰინგი
2009–2011 სტარნბერგი 09
2014 უნტერჰაჰინგი
2015 აუგსბურგი II
2016–2019 აუგსბურგი
2019–2020 გერმანია U20
2020 გერმანია U18
2020 შალკე 04
ბაუმი „უნტერჰაჰინგის“ მთავარი მწვრთნელი გახდა 2014 წლის 4 იანვარს, კლუბში დირექტორად მუშაობის ორი წლის შემდეგ.
2014 წლის ზაფხულში ბაუმი „აუგსბურგში“ ახალგაზრდების მწვრთნელად დაინიშნა. 2016 წლის 14 დეკემბერს პირველ გუნდში დაწინაურდა. 2019 წლის 21 ივნისს ბაუმი გერმანიის საფეხბურთო კავშირმა გერმანიის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნა. 2020 წელს ხანმოკლე ვადით 18-წლამდელთა სათავეშიც იდგა.
2020 წლის 30 სექტემბერს ბაუმმა ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს „შალკე 04“-თან. მას შემდეგ, რაც „შალკემ“ ვერ მოიგო ბუნდესლიგის ათი თამაში, 2020 წლის 18 დეკემბერს გაათავისუფლეს.