საფეხბურთო ტაიმაუტი | ზუკა რურუა - მჯერა, ჩვენი საფეხბურთო ნაკრები დიდ ტურნირზე მოხვდება, კარგი თაობა მოდის, იტალიაში ხვიჩას თამაშით ძალიან ამაყი ვიყავი #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვეტერანმა წყალბურთელმა, თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ზუკა რურუამ ქართულ ფეხბურთზე ისაუბრა.
„ბავშვობიდან ფეხბურთზეც დავდიოდი და წყალბურთზეც. არჩევანი ამ უკანასკნელზე შევაჩერე, მაგრამ ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ეზოში 10 საათი ვთამაშობდი და როდესაც საშუალება მაქვს, თამაშებზე ყოველთვის დავდივარ.
ხვიჩა კვარაცხელიას მატჩს რამდენჯერმე დავესწარი, როდესაც იტალიაში წყალბურთის შეხვედრა გვქონდა. ამ ბიჭმა საქართველოს ძალიან დიდი რამ გაუკეთა.
ფეხბურთელი რობოტი არაა, ყოველთვის კარგად ვერ ითამაშებს, მაგრამ მთავარი მხარდაჭერაა. „ბოლონიასთან“ შეხვედრაზე ვიყავი და, ჩემი აზრით, რუდი გარსიას მხრიდან მისი და ოსიმენის შეცვლა თავის დამკვიდრების მცდელობა იყო, ასეთ რამეს ლუჩანო სპალეტი არ გააკეთებდა.
როცა შეცვალეს, „ნაპოლის“ ფანებმა ისეთი ტაში დაუკრეს, ასეთი ემოცია არცერთ სხვა მოთამაშეზე არ ჰქონიათ. ამაყი ვიყავი ამ მომენტით.
მჯერა, საქართველოს ნაკრები დიდ ტურნირზე ითამაშებს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. კი, ბოლო ორი თამაში ჩავაგდეთ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ნორვეგიასთან 90 წუთი ვერაფერი გავაკეთეთ, თუმცა ბუდუმ გაიტანა და მერე ხვიჩასაც ჰქონდა შანსი. ამიტომაც არის ფეხბურთი ყურებადი და ემოციური, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ახალი თაობის დიდი იმედი მაქვს. ბევრი ფეხბურთელი ევროპულ კლუბებში თამაშობს. ვეტერანებიც არიან, თაობათა ცვლა იქნება. რაღაც კომპონენტებში სუსტები ვართ და იმედია, გავძლიერდებით.
დიდი ინტერესით ველოდები ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ ხვიჩას თამაშს. ძალიან მინდა, კვარაცხელია მადრიდში მოხვდეს, მაგრამ ახლა ვინისიუსის ჩანაცვლება რთული იქნება“, – თქვა ზუკა რურუამ.