საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევმა ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შანსებზე ისაუბრა - ხანდახან კარგია, რომ მეტოქეები არ გაფასებენ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა ევროპის ჩემპიონატის პროგნოზებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მეტოქეები საქართველოს ნაკრების რეალურ შესაძლებლობას არ დააფასებენ.
„გამოცემა „გოლმა“ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რეიტინგი გამოაქვეყნა – პირველ ადგილზე საფრანგეთია, მეორეზე – პორტუგალია, შემდეგ მოდის ბელგია და ა.შ. ამ სიაში თურქეთი მე-13 ადგილზეა, ჩეხეთი – მე-17-ზე. ჩვენ კი ბოლო, 24-ე ადგილზე გაგვიყვანეს. ზოგჯერ კარგია, რომ არ გაფასებენ. 1973 წელს პორტუგალიაში „კარაველას თასზე“ რომ მიგვიწივიეს, სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონები თამაშობდნენ: ინგლისის ჩემპიონი „დერბი ქაუნთი“, პორტუგალიის – „ბენფიკა“ და ესპანეთის – მადრიდის „ატლეტიკო“.
არ დაგვაფასეს, მაგრამ „ატლეტიკოსაც“ მოვუგეთ და შემდეგ ფინალში „ბენფიკაც“ 3:1 დავამარცხეთ. ასე რომ, ხანდახან კარგია, როცა მეტოქეები არ გაფასებენ. ამ რეიტინგს ხომ ჩვენი მეტოქეებიც გაეცნენ და იფიქრებენ, რომ 24-ე ადგილზე გაიყვანეს და მოვუგებთო“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.