საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - უეფა-ს 13 მაისის ფინალში თბილისის „დინამოს“ გასვლა არ აწყობდა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - უეფა-ს 13 მაისის ფინალში თბილისის „დინამოს“ გასვლა არ აწყობდა #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვლადიმერ გუცაევმა გაიხსენა, როგორ ამზადება გუნდს ნოდარ ახალკაცი გადამწყვეტი მატჩების წინ.

„რაც არ უნდა რთული მეტოქე შეგვხვედროდა, არ მახსენებდა, რომ ვინმეს ეთქვა, დავიღუპეთო. მაგალითად, „ვესტ ჰემი“ რომ შეგვხვდა, შიში კი არ გვქონდა, გაორმაგებული მონდომებით ვემზადებოდით.

ამ მატჩამდე შეკრება ხორვატიაში გვქონდა და მახსოვს, ნოდარ ახალკაცი როგორი დატვირთვებით გვავარჯიშებდა. ვარჯიში დამთავრებული რომ გვეგონა, მაშინ იტყოდა, 10-ჯერ 100-მეტრიანი სპრინტი უნდა ვირბინოთო. ერთხელ დამატებითი სპრინტის შემდეგ უცებ ბარიერები მოიტანეს და 15-ჯერ 10 ბარიერი უნდა გადაგველახა.

შინაგანი პროტესტი გვქონდა, მაგრამ ვიცოდით, რომ „ვესტ ჰემთან“ რთული მატჩი გველოდა და ამისთვის უნდა მოვმზადებულიყავით.

სხვათა შორის, ფინალში გასვლა რომ შეგვეძლო, მაშინ ვირწმუნე, როდესაც თენგიზ სულაქველიძემ თბილისში „ფეიენოორდს“ მესამე გოლი გაუტანა.

ნიდერლანდებში საპასუხო შეხვედრაში რაც მოხდა, ყველამ იცის. გოლები არ ჩაგვითვალეს და პენალტები არ დაგვიდეს. სხვათა შორის, ეს თამაში ჩემთვის გავაანალიზე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ როტერდამში მსაჯის მოქმედება უეფა-ს დავალება იყო. ჯერ თბილისში, 3:0-ზე, ასპროცენტიანი პენალტის ნაცვლად, თავისუფალი დარტყმა დანიშნა – წარმოგიდგენიათ? იმიტომ, რომ იცოდა, 4:0-ზე „ფეიენოორდს“ შანსი არ ექნებოდა.

მერე როტერდამში ჩავედით და მსაჯმა სამი გოლი არ ჩაგვითვალა, ორი ნაღდი პენალტი არ დაგვინიშნა.  ბოლო ფაქტორი, რამაც ჩემს მოსაზრებაში საბოლოოდ დამარწმუნა ის იყო, რომ უეფა-მ ეს მსაჯი არანაირად არ დასაჯა. ერთ კვირაში დისკვალიფიკაცია ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციამ მისცა და არა – უეფა-მ.

ამიტომ დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ თასების თასის ფინალში არ სურადთ, საბჭოთა კავშირის გუნდს ეთამაშა, თბილისის „დინამოს“ ნაცვლად „ფეიენოორდის“ გასვლა ერჩივნათ. „კარლ ცაისშიც“ მაგარი ბიჭები თამაშობდნენ – „რომასთან“ 0:3 წააგეს და შინ 4:0 მოიგეს“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.