საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - თუ ევროთასებზე ისევ ძველებურად გამოვალთ, ჩათვალეთ, რომ იმავე წრეზე ვტრიალებთ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „დინამო თბილისსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩის დროს მომხდარ ამბავზე ისაუბრა, როდესაც სტადიონზე 20 ათასზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა. თუმცა, განაცხადა, რომ ევროთასებზე გუნდების კარგი გამოსვლის გარეშე დონის აწევაზე საუბარი არასწორი იქნება.
„ბოლო თამაში იყო ძალიან საინტერესო „დინამო თბილისსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის და როგორც იქნა, მაყურებელი მოვიდა სტადიონზე – 20 ათასამდე ადამიანი, რაც „დინამოს“ თამაშზე ბოლო 7-8 წელია არ მოსულა, თუ მეტი არა. ხალხი ძალიან გახარებულია და თავად ფეხბურთელებიც. ჩემი აზრით, ძირითადად ეს იმიტომ მოხდა, რომ კვარაცხელია და დავითაშვილი ჩამოვიდნენ. ხვიჩას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი აქვს გაფორმებული. მართალია, მათი აქ თამაში დროებითია, ერთი თვე დარჩათ და წავლენ, მაგრამ და ყველას მათი ნახვა სურდა.
– სულ ვამბობ, რომ მთავარი ევროთასებია. ჩვენ იქ უნდა ვაჩვენოთ რაღაც შედეგი. მარტო ამით შევაფასებთ, ჩვენი ჩემპიონატის დონემ აიწია თუ არა. თუ ევროთასებზე ისევ ისე გამოვედით, როგორც წინა წლებში, ჩათვალეთ, რომ იმავე დონეზე დავრჩით და იმავე წრეზე ვტრიალებთ. რაც არ უნდა დაძაბული ვითარება იყოს ჩემპიონატში, ეს არაფრის მთქმელი იქნება.
– ვუყურებთ ჩემპიონთა და ევროპის ლიგის თამაშებს, რა დონეა, ტაქტიკურად და ფიზიკურად როგორი მომზადებულები არიან. გუნდებს ბოლო წუთამდე და დამატებით დროშიც შეუძლიათ პრესინგით, მაღალ ტემპში ითამაშონ. თუ ევროთასებზე ერთი ქართული გუნდი მაინც გამოვა კარგად, მაშინ ვიტყვი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. თუ არა, მაშინ ისევ ალტერნატივა უნდა ვეძებოთ – მაგალითად, უფრო მაღალი დონის ლეგიონერების ჩამოყვანა.
– აქვე ერთი მინდა ვთქვა – ფეხბურთელებს სურთ გადაცემაში მონაწილეობა, მაგრამ რატომღაც ხელმძღვანელები უკრძალავენ და ეს ვერ გავიგე. დავპატიჟეთ ფეხბურთელები და ხშირად ამბობენ, რომ ახლა დრო არ არის ან არ უშვებენ. მინდა, ვთხოვო „დინამოს“ და სხვა გუნდებსაც, რომ მაყურებელს გამორჩეული ფეხბურთელები აინტერესებს და გვირეკავენ, ამა თუ იმ მოთამაშის ახლოს გაცნობა სურთ. ჩვენ კი გვინდა ქართული ფეხბურთის, გუნდისა და მოთამაშეთა პრესტიჟი ავწიოთ. არ ვიქნებოდი მართალი, ეს რომ არ მეთქვა და დიდი თხოვნაა, ყველამ გაითვალისწინოს“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვლადიმერ გუცაევმა.