საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - სანიოლი ბევრ მწვრთნელთან შედარებით გაბედულია #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა ივნისის სანაკრებო მატჩებზე და ნაკრების მწვრთნელის შესახებ ისაუბრა.
„კარგია, რომ შემტევი ფეხბურთი ვაჩვენეთ. გიბრალტარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ნაკრებმა საინტერესოდ ითამაშა, მომენტები იყო. ბევრჯერ ყოფილა, რომ სუსტ გუნდთან მომენტებს ვერ ქმნი და გოლები ვერ გაგაქვს.
იმ მწვრთნელებთან შედარებით, რომლებსაც საქართველოს ნაკრებში ბოლო წლებში უმუშავია, სანიოლი შედარებით გაბედულია. გაიხსენეთ, რამდენი თავდამსხმელი დააყენა გიბრალტართან. მე ეს ძალიან მომწონს. ბოლო მწვრთნელებიდან სანიოლის გუნდი ყველაზე მეტად მომწონს. შვედეთს მოვუგეთ, ესპანეთთან ღირსეულად ვითამაშეთ.
სიმართლე გითხრათ, ყველა ფიქრობდა, რომ დავით ვოლკოვი საქართველოს ნაკრების გაფართოებულ სიაში მაინც მოხვდებოდა და მეც ასე მეგონა. მაგრამ ასე არ მოხდა და გამიკვირდა. შესაძლოა, იფიქრეს, რომ ვოლკოვს ამით მიეცეს მეტი სტიმული, რომ უფრო მაგრად ითამაშოს? შესაძლოა, ასეა“, – განაცხადა „დინამო თბილისის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა.