საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - რუდი გარსია თავისი გადაწყვეტილებებით ოსიმენთან და კვარაცხელიასთან კონფლიქტს აღვივებდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თბილისის „დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, გადაცემის ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელ გამოსვლებზე გააკეთა.
„ხვიჩას ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ ასეთი რამ ყველას მოსდის, მით უფრო ახალგაზრდა ადამიანს. წლების შემდეგ, გამოცდილებისა და თამაშისთვის სწორი განწყობის ხარჯზე, უკვე ჩავარდნები ნაკლებადაა.
ხვიჩა 22 წლისაა და კიდევ სამი წელი აქვს, რომ უფრო გაიზარდოს. როდესაც გახდება 25-26 წლის, ყველაფრისთვის მზად იქნება და უფრო სტაბილური გახდება. მიმაჩნია, რომ ნიჭიერი და მაღალი კლასის ფეხბურთელია. მთავარია, თავისი ცხოვრება პროფესიონალურად წაიყვანოს და ყველაფერი რიგზე იქნება.
ჩავარდნები პელესაც ჰქონდა. მე უფრო ის მიკვირს, რუდი გარსია მოვიდა და, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, „ახრჩობს“ ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან ოსიმენი და კვარაცხელია. ამით, ფაქტობრივად, ორივესთან კონფლიქტში შედიოდა“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.