საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - როგორ უნდა გახვიდე ევროჯგუფში, როდესაც „ასტანას“ 40-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, შენ კი - 700 ათასი #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა ევროტურნირებზე ქართული გუნდების გამოსვლა შეაფასა.
„სასაუბრო თემა გვაქვს. ორი დილემის წინაშე ვდგავართ – ნაკრები კარგად გამოვიდა, კლუბები – არასასურველად. აზერბაიჯანის ორი კლუბი ევროტურნირების მესამე ეტაპზე გავიდა – ერთი ჩემპიონთა ლიგაზე, მეორე – კონფერენს ლიგაზე, მაგრამ მათი ნაკრები ვერ თამაშობს. აქედან დასკვნა უნდა გავაკეთოთ.
– ჩვენს კლუბებში ბათუმის „დინამოს“ ყველაზე მეტი ბიუჯეტი აქვს. თუ ჩვენს კლუბებს 10-15 მილიონიანი ბიუჯეტი არ ექნებათ, ძნელი წარმოსადგენია, ევროტურნირებზე რამეს მივაღწიოთ, რადგან იქ სულ სხვა დონეა. საერთო დონის ასაწევად გუნდების ბიუჯეტებში გრადაცია უნდა იყოს. გიორგიმ (თვალაბეიშვილი – გადაცემის თანაწამვანი) სწორი კითხვა დასვა მწვრთნელებთან დაკავშირებით („არის თუ არა ქართველ სპეციალისტებში კვალიფიკაციის ნაკლებობა და ხომ არ გვჭირდება კლუბებში უცხოელი მწვრთნელები?“). საშუალო დონეზე 7-8 მილიონია საჭირო, ხოლო ლიდერებში – 20 მილიონი. რა თქმა უნდა, გუნდებს კვალიფიციური მწვრთნელი სჭირდება. ეს ნაკრებმაც აჩვენა. ჩამოვიდა სანიოლი, ევროპიდან ტაქტიკა, პროფესიონალიზმი და დამოკიდებულება მოიტანა, მაგრამ კლუბს თუ ბიუჯეტი არ აქვს, როგორ გინდა მწვრთნელი ჩამოიყვანო? 50 ათასი ევრო თუ არ მიეცი, ვინ ჩამოვა?
– ბათუმსა და გულშემატკივრებს მინდა მადლობა ვუთხრა, რომ 0:5 წაგების შემდეგ სტადიონი გაავსეს. მწვრთნელი გჭირდება, მაგრამ სტაბილური დაფინანსებისა და ბიუჯეტის გარეშე შედეგი წარმოუდგენელია. შენ როგორ უნდა გახვიდე, როდესაც „ასტანას“ 40-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, შენ კი – 700 ათასი ლარი. ეს ხომ კომუნისტების დრო არაა“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვლადიმერ გუცაევმა.