საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ქართული გუნდების ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ჩვენი ოცნებაა, მაგრამ ჯერ ნაადრევია #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა ბათუმის „დინამოს“ ჩემპიონობა მიულოცა და ევროსარბიელზე წარმატება უსურვა. თუმცა, არ დამალა, რომ ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გუნდის მოხვედრის დიდი იმედი არ აქვს.
„ჩემი აზრით, ჯერ ნაადრევია ქართული გუნდებისთვის ევროპული ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაზე ფიქრი, მით უფრო ჩემპიონთა ლიგაზე. ეს აუცილებლად უნდა ითქვას.
რატომ? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის მზად არც ფეხბურთელებით ვართ და არც ფინანსურად. ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ევროპული კლუბები წელიწადში მარტო ტრანსფერებზე 100 მილიონს ხარჯავენ, ერთი ამდენივეს – გუნდის მომზადებაზე, მაგრამ შეიძლება, მაინც არაფერი გამოუვიდეთ.
დღესდღეობით ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ჩვენი ოცნება კი არის, მაგრამ ვითარებას რეალურად უნდა შევხედოთ და შევაფასოთ, რომ ქართული გუნდებისთვის ეს ჯერ ნაადრევია და საამისოდ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.