საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ნაკრებში კონკურენცია შეიქმნა და გუნდი უფრო სწრაფად ათამაშდა #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა და ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში არსებულ მდგომარეობასა და ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება.
„სანიოლმა ყველა რგოლში მიაგნო მოთამაშეებს და ვითარება დასტაბილურდა. კარში ორი მეკარე – ლორია და მამარდაშვილი. დაცვაშიც ვიცით, ვინც თამაშობს. ძირითადად, სამი მცველით თამაშობენ, მაგრამ ამ დონეზე კარგად გამოიყურებიან. საინტერესოა განაპირა მცველებიც. საინტერესო ფორვარდები გამოჩდნენ“, – ამბობს გუცაევი.
13 მაისის ფინალის ერთ-ერთი გოლის ავტორის თქმით, ვილი სანიოლი მოთამაშეთა მდგომარეობაზე დროულად რეაგირებს:
„გუნდის თამაშში სისწრაფე გაჩნდა, შუა ხაზშიც აზრიანად ათამაშდნენ და მეჩვენება, რომ უფრო დახვეწილი გუნდი ხდება. ისიც მომწონს, რომ სანიოლისთვის სახელები არ არსებობს, თუ უთამაშებელია ან ფორმაში არ არის, მაშინვე სხვა ფეხბურთელით ანაცვლებს“, – განაცხადა გუცაევმა.