საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - გუნდებს დიდი კომპანიების თანადგომა და ბიუჯეტების გაზრდა სჭირდებათ, თორემ ევროთასებზე სულ ასეთი შედეგები გვექნება #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა ევროთასებზე ქართული გუნდების გამოსვლაზე ისაუბრა და პრობლემები დაასახელა.
„ერთი თვეც არაა, რაც კახა ცხადაძემ და გიორგი ჩიხრაძემ „დინამო“ დატოვეს. შეიძლება, ჯობდა, რომ დარჩენილიყვნენ და უკეთესი იქნებოდა, რადგან გუნდს ამზადებდნენ და ვითარება კარგად იცოდნენ. მოვიდა ახალი მწვრთნელი, რომელმაც არ იცოდა, შიდა „სამზარეულოში“ რაც ხდებოდა და მოხდა ის, რაც მოხდა.
შარშან გვეგონა, რომ ამაზე უარესი არაფერი დაგვემართებოდა, როდესაც ფარერებთან წავაგეთ. თურმე, შეიძლება კიდევ უფრო დიდი კატასტროფა მოხდეს, რადგან წავაგეთ ფაქტობრივად, ესტონეთის სოფლის გუნდთან – ამან „დინამოს“ იმიჯს ძალიან დაარტყა.
პოზნანის „ლეხი“ საშუალო დონის გუნდებშიც არ შედის. ამ დროს, სისწრაფით, ტექნიკით, ტაქტიკური და ფიზიკური მომზადებით წინ არიან. არც ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ასეთ გუნდებთან არ წავაგოთ, ფარერებზე და ესტონელებზე რომ არაფერი ვთქვათ.
გამოცდილება ბევრს ნიშნავს – ეს ფეხბურთელებსაც დააკლდათ და მწვრთნელებსაც. სულ ვამბობ, ეს ერთ-ერთი საჭირო მომენტია, წელიწადში ერთი თვით მაინც წავიდნენ ევროპაში და ნახონ, როგორ მუშაობენ და არ სიახლეებია. ეს იმიტომ, რომ ფეხბურთი ყოველდღე ვითარდება და თუ ჩამორჩი, ეს უცებ დაგეტყობა.
ევროტურნირებამდე გუნდების წარმომადგენლებთან ვსაუბრობდით, რომ გაძლიერება იყო საჭირო. მაგრამ ვერ შეძლეს და ეტყობა, რომ ფინანსები არ გვაქვს. ესაა წარუმატებლობების პირველი მიზეზი.
არსად ხდება, რომ საბიუჯეტო გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. თუ გუნდებს კერძო მეპატრონეები ეყოლებათ, ერთმანეთის ჯიბრით ბიუჯეტებსაც გაზრდიან და უფრო მეტ წარმატებასაც მიაღწევენ.
ფინანსები საიდან უნდა მოინახოს? კლუბებს არ აქვთ. ამიტომ კარდინალური რეფორმები და ნაბიჯებია საჭირო. დიდი კომპანიები თუ არ ჩაერთვებიან და ბიუჯეტები არ გაიზრდება, ევროთასებზე სულ ასე იქნება. ჩემი აზრით, მისაღები იქნება, სახელმწიფომ ინფრასტრუქტურას მიხედოს, ხოლო კერძო კომპანიებმა გუნდებს.“