საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - გასახარია, რომ გოლები პენალტებით და სტანდარტებით კი არა, კომბინაციური თამაშით გადის #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - გასახარია, რომ გოლები პენალტებით და სტანდარტებით კი არა, კომბინაციური თამაშით გადის #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანმა, ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვილი სანიოლის გუნდმა არა მხოლოდ შედეგებით, თამაშის ხარისხითაც გაახარა.

„ამაყი ვარ, რომ ჩემმა თაობამ დიდი საქმე გააკეთა და საქართველო ასე გავახარეთ. კარგია, რომ წარსული გვახსოვს და უნდა გვახსოვდეს. მაგრამ ჩვენს ნაკრებზე მინდა ვთქვა. ბოლო რამდენიმე შეხვედრაა, მართლა გაგვახარეს.

გაგვახარეს არა მხოლოდ მოგებით, ლამაზი თამაშით გაიმარჯვეს. ხალხი სტადიონზე მოვიდა. საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებით ყველა კმაყოფილია, გულშემატკივრებიც და სპეციალისტებიც.

ჩვენს გადაცემაში რამდენჯერმე აღვნიშნეთ – გოლები პენალტებით და სტანდარტებით კი არ გადის, არამედ, კომბინაციური თამაშით“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C4 ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ივნისის მატჩები შესანიშნავად ჩაატარა, 4-დან სამი მატჩი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 10 ქულით ლიდერია.

სექტემბერში დარჩენილ ორ შეხვედრაში ჩვენს გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ქულაც ყოფნის, ჯგუფში პირველი ადგილი რომ დაიკავოს. მაგრამ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად ქულათა მაქსიმუმის დაგროვება სჭირდება.