საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - „დინამოსთან“ წაგების შემდეგ ინგლისელებმა სასტუმროში იჩხუბეს და ბარი ისე დაანგრიეს, ზარალის ანაზღაურება მოუხდათ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა ახალ რუბრიკაში „ლეგენდარული მატჩები“ თბილისის „დინამოს“ და „ლივერპულის“ 1979 წლის 3 ოქტომბრის მატჩი გაიხსენა, რომელიც ნოდარ ახალკაცის გუნდმა 3:0 მოიგო.
„ეს იყო დიდი მატჩი. ვფიქრობ, თბილისის „დინამოს“ ისტორიაში ასეთ დიდ გუნდთან არ მოუგია. ამ თამაშის შემდეგ ყველანაირად გამარჯვებულები დავრჩით – შემდეგ ეტაპზე გავედით და ამ შეხვედრას მთელ მსოფლიოში დიდი რეაქცია მოჰყვა.
დღემდე მახსოვს გიორგი ჭილაიას ლეგენდარული გარღვევა, როდესაც ლამის მოედნის ნახევარი გაირბინა და, რაც ყველაზე მთავარია, რამაზ შენგელიას ისეთი პასი მისცა, რომ ამ გოლის ვერგატანა შეუძლებელი იყო, მით უმეტეს, რამაზისთვის, რომელიც ოსტატი იყო.
ინგლისში, პირველ მატჩამდე, დიდ ბრიტანეთში საბჭოთა კავშირის ელჩმა მიგვიღო და გვითხრა, რუსთაველის თეატრი ძალიან კარგად მიიღეს, მათ სპექტაკლებს დიდი გამოხმაურება ჰქონდა და თქვენ ბევრს არაფერს გთხოვთ, დიდი ანგარიშით არ წააგოთო.
მაშინ „ლივერპული“ ჩემპიონთა თასის მოქმედი გამარჯვებული იყო. იმის თქმა მსურს, რომ ჩვენს მოგებას ვერავინ წარმოიდგენდა. ის შეხვედრა 1:2 წავაგეთ და თამაშის შემდეგ დაურეკა შევარდნაძეს, ეს რა კარგი გუნდი გყოლიათო.
თბილისში გამარჯვების მერე მოხდა ამბავი, რომელიც ბევრმა არ იცის. სასტუმრო „აჭარაში“ იყო სავალუტო ბარი, სადაც ბარმენად ჩემი ნაცნობი გოშა მუშაობდა. თამაშის შემდეგ ბარში ისხდნენ ჟურნალისტები და „ლივერპულის“ ფეხბურთელი ჯიმი კეისი. გოჩა მიყვებოდა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას უთხრა, ვისთან წააგეთ, ეს ქალაქი და ქვეყანა მსოფლიო რუკაზეც არ არისო. კეისი ირლანდიელი იყო და ისეთი ჩხუბი ატყდა, ბარი დაანგრიეს. იქამდე არ გაუშვეს სასტუმროდან, სანამ ზარალის ასანაზღაურებლად 8 000 დოლარი არ გადაახდევინეს“, – გაიხსენა ვლადიმერ გუცაევმა.