საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - დარწმუნებული ვარ, დღევანდელ ნაკრებს გიორგი არაბიძე ძალიან გამოადგება #1TVSPORT
„უნდა იყოს თუ არა გიორგი არაბიძე საქართველოს ნაკრებში?“ – პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტის, ვლადიმერ გუცაევის ამ კითხვას გადაცემის სტუმრებმა უპასუხეს.
„არაბიძის თამაში ევროთასებზე ვნახე და ძალიან მომეწონა. საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მოახლოებული მატჩისთვის შემადგენლობა ჯერ დასახელებული არაა და რას ფიქრობთ, არის თუ არა გიორგი არაბიძე ღირსი, საქართველოს ნაკრებში იყოს და არა მხოლოდ გამოიძახონ, არამედ ათამაშონ კიდეც? მე მომწონს და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ ნაკრებს გამოადგება“, – ამბობს გუცაევი.
კახა კაჭარავა: „ვინ უნდა იყოს ნაკრებში, მწვრთნელის საქმეა, მაგრამ მე ასეთი სტილის ინდივიდუალისტები ყოველთვის მომწონდა. როგორც ვიცი, მწვრთნელები იყვნენ ქუთაისში, ნახეს მისი თამაში და ახლა ყველაფერს სანიოლი გადაწყვეტს. ფეხბურთის ხიბლი დრიბლინგია. ნახეთ, კვარაცხელია რას აკეთებს, მთელი იტალია მისი დრიბლინგებით ტკბება“.
კობა ჟორჟიკაშვილი: „ჩემი აზრით, არაბიძე ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს. ყველაფერი მწვრთნელების გადასაწყვეტია. რეზერვს უნდა გადახედო და განსაზღვრო, ვის შეუძლია თამაშში ცვლილებების შეტანა. არაბიძეს კი ინდივიდუალიზმით სცენარის შეცვლა შეუძლია, დარტყმა და პასი აქვს. ნაკლად შეგვიძლია ჩავუთვალოთ ის, რომ დაცვაში ისეთივე აქტიური არაა, როგორც შეტევაში, თუმცა ეს მხოლოდ მას არ ახასიათებს. გიორგის შედეგის მოტანა შეუძლია და მე აუცილებლად გამოვიძახებდი“.