საფეხბურთო ტაიმაუტი | ვეტერანების აზრით, დავითაშვილმა ძალიან მოუმატა - კვარაცხელიას ფასი 50 მილიონს გადააჭარბებს და იტალიაში 3-4 ქართველს წაიყვანს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა, არჩილ არველაძემ და გადაცემის თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელების პროგრესსა და მათთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრეს.
ვლადიმერ გუცაევი: „ბათუმის სტადიონმა ჩაკვეტაძე იცით რა თბილად მიიღო – მიუხედავად იმისა, რომ მათი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა. მჯერა, რომ გიორგი ფორმაში შესვლას და ძველ დონეზე თამაშს მოახერხებს. დავითაშვილზეც მინდა ვთქვა, რადგან ამ ბიჭმა ბოლო ერთი წელია ძალიან მოუმატა და კიდევ და კიდევ უმატებს. ეს ძალიან მიხარია“.
არჩილ არველაძე: „ჩემზე კარგად არავინ იცის ტრავმირებული ფეხბურთელის ემოცია და მდგომარეობა. საბედნიეროდ, ჩაკვეტაძე მოედანზეა და შეუძლია 60-70 წუთი ითამაშოს. ახლა თავად არ იქნება კმაყოფილი, მეტი უნდა. რა დროსაც გააცდენ, ფორმაში შესასვლელად ერთი იმდენი გჭირდება. ჯანმრთელი კაცი უპრაქტიკოდ ვერ თამაშობს და ტრავმის შემდეგ კიდევ უფრო რთულია.
ძალიან მახარებს დავითაშვილის ასეთი კარგი თამაში და დარწმუნებული ვარ, მასაც მოუწევს კარგ გუნდში წასვლა. რომელ წუთზე გააკეთა დრიბლინგი, გოლით რომ დაასრულა“ ჯერ დრიბლინგი აიღეთ და მერე მისი „ფიზიკა“ – ეს თამაშის 105-ე წუთზე ხდებოდა.
ხვიჩას კი მინდა „ნაპოლიში“ გადასვლა მივულოცო. უკვე გოლებიც გაიტანა. დარწმუნებული ვარ, მისი ღირებულება 50 მილიონს გადააჭარბებს და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. იმიტომ, რომ საქართველოს და ჩვენი მოთამაშეების ფასიც აიწევს.
მიხარია, რომ კვარაცხელია იტალიაში წავიდა არა რუსეთიდან, არამედ, საქართველოდან, რადგან მეტი ყურადღება იქნება ბათუმის „დინამოზეც“, „დინამო თბილისზეც“ და ზოგადად, ჩვენი ჩემპიონატიდან წასულად ჩაითვლება. დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგრად ითამაშებს.
დიდი ხანია, ასეთ კარგ გუნდში ქართველი არ ჩარიცხულა. მინდა მამუკა ჯუღელსაც მივულოცო, რადგან მისი შრომაც დაფასდა და დარწმუნებული ვარ, ხვიჩას კვალზე, დიდი გუნდში სხვა ქართველებიც წავლენ. ხვიჩას შეუძლია, 3-4 ფეხბურთელი წაიყვანოს.
ძალიან რთულია, რომ უცხოეთიდან ბრუნდები. ძნელია განწყობა შეინარჩუნო. ეს განწყობა და ფორმა ბათუმის „დინამომ“ და გულშემატკივრემა შეუნარჩუნეს. იმედია, მათი წარმატებები სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც გადაედებათ“.