საფეხბურთო ტაიმაუტი | ვასილ მაღლაფერიძე - ქართულ ფეხბურთზე საუბრისას პირველ რიგში 1981 წლის 13 მაისი ახსენდებათ, მაგრამ მხოლოდ წარსულის იმედად ვერ ვიქნებით, წარმატება უნდა გავიმეოროთ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ ლეგენდარულ თბილისის „დინამოზე“ ისაუბრა.
„ახლა იმ სამ ადამიანთან ერთად ვზივარ, რომლებიც ჩვენთვის კერპები იყვნენ და, გარკვეულწილად, ვღელავ. კერპები იყვნენ არა იმიტომ, რომ რაღაცას აფეტიშებ, არამედ იმის გამო, რომ ქვეყანა თბილისის „დინამოს“ თამაშებით ცხოვრობდა. ეს არ იყო მხოლოდ სპორტი, ამას შეგვიძლია, პოლიტიკის ნაწილი დავარქვათ – საქართველო იბრძოდა, ეს ქვეყნის წარმატება იყო და ხალხი ამას ელოდა.
ახლა ჯგუფში სუსტ მეტოქეს თუ შევხვდებით, ვამბობთ, რომ გაგვიმართლა. ადრე სხვა განწყობა იყო, გვინდოდა, „დინამოს“ რაც შეიძლება, ძლიერ გუნდთან ეთამაშა, ვგრძნობდით, რომ მოგება ყველასთან შეგვეძლო. ეს განწყობა „კარაველას თასის“ გათამაშების შემდეგ გამიჩნდა, „ლივერპულთან“ გამარჯვებამ კი საბოლოოდ გამიძლიერა.
თასების თასზე პირველი ორი ეტაპის მეტოქეები, „კასტორია“ და „უოტერფორდი“, „დინამოს“ დონის გუნდები არ იყვნენ, მაგრამ „ვესტ ჰემი“ უკვე სერიოზული მეტოქე გახლდათ. მანამდე „ლივერპულს“ მოვუგეთ და ამბობდნენ, რომ „დინამო“ ინგლისური კლუბების დამარცხების სპეციალისტი იყო. თასის აღებაზე ფიქრი „ვესტ ჰემთან“ მოგების შემდეგ დავიწყეთ. ლონდონში გამარჯვების (4:1) მერე გამოჩნდა „დინამოს“ რეალური დონე და გუნდის სიძლიერე.
დღეს ქართულ ფეხბურთს ზურგს უმყარებს ძველი წარმატება. ამდენი ხანი გავიდა, ახალი თაობა მოვიდა, მაგრამ 1981 წლის 13 მაისი სულ გაახსენდებათ.
ერთხელ ახალ ზელანდიაში მოვხვდი, სადაც რაგბი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. სკოლის დირექტორი ინგლისელი იყო, საიდან ბრძანდებითო, მკითხა. რომ ვუთხარი, საქართველოდან-მეთქი, ყიფიანი და „დინამო“ უცებ გაიხსენა, მაშინდელი თამაშები ახსოვდა. მხოლოდ წარსულის იმედად ვერ ვიქნებით, წარმატება უნდა გავიმეოროთ“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ „საფეხბურთო ტაიმაუტში“ სტუმრობისას.