საფეხბურთო ტაიმაუტი | უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა - ევრო 2024-ზე მოხვედრის შემდეგ, ფეხბურთზე შესული ბავშვების რაოდენობა 30-40 პროცენტით გაიზარდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ ეროვნული გუნდის წარმატებაზე ისაუბრა და ევრო 2024-ზე გასვლის შედეგად დაფიქსირებული უპრეცედენტო ფაქტი დაასახელა.
„არც ვიცი, რატომ მოხდა ასე, მაგრამ 17 და 19-წლამდელების ელიტრაუნდი რატომღაც საქართველოს ნაკრების პლეი ოფის მატჩებს დაამთხვა. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთული იყო. სულ ვკითხულობდით, იქ რა ხდებოდა. ჩვენთვის მათვარი ეროვნული ნაკრების მოგება და წარმატება იყო. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით.
ჩვენს 19-წლამდელთა ნაკრებში არის რამდენიმე მოთამაშე, რომელთაც პერსპექტივაში ეროვნულ ლიგაში თამაში შეუძლიათ. ამ ბიჭებისთვის ეროვნული გუნდის გასვლა დიდი მოტივაციაა. ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან რომ გავიდეს, ეს ვითარებას კიდევ უფრო რადიკალურად შეცვლის. ეს ორმაგი წარმატება იქნება.
გვაქვს ინფორმაცია და ვიცით, რომ 26 მარტის წარმატების შემდეგ ფეხბურთზე შემოსული ბავშვების რაოდენობა 30-40 პროცენტით გაიზარდა. რაოდენობა კი ხარისხს ქმნის და რაც მეტი ივლის, მეტი არჩევანიც გვექნება და ნაკრებებს უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელებს გავუზრდით. თუმცა ადრინდელზე მეტი თანხა რომ არის საჭირო, ამაზე საუბარიც ზედმეტია“.