საფეხბურთო ტაიმაუტი | უცხოელს არასოდეს აპატიებენ იმას, რაც ადგილობრივს შეიძლება აპატიონ, საქართველოში პირიქითაა - ცხადაძემ „სუმგაითზე“ უარი თქვა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | უცხოელს არასოდეს აპატიებენ იმას, რაც ადგილობრივს შეიძლება აპატიონ, საქართველოში პირიქითაა - ცხადაძემ „სუმგაითზე“ უარი თქვა #1TVSPORT

კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა – საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და მწვრთნელის თქმით, ზაფხულში აზერბაიჯანული „სუმგაითის“ გაწვრთნაზე უარი განაცხადა.

„ზაფხულში სტაჟირებაზე გერმანიაში, ფრანკფურტის „აინტრახტში“ ვიყავი და იყო კონკრეტული წინადადებები. მაგრამ როდესაც ჩემს სტაფთან ერთად ეს ვარიანტი განვიხილეთ, უარი ვთქვით.

იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ამბიციურ კლუბში ვმუშაობდით, რომელიც მინიმუმ ევროთასებზე იღებდა მონაწილეობას და ჩემპიონატში საპრიზო ადგილებისთვის იბრძოდა. მაგრამ შუა სეზონში ვინ დაგიძახებს? ვისაც უჭირს და ბოლო ადგილებზეა. იგივე „სუმგაითის“ თემა ავიღოთ, რომლის პრეზიდენტსაც ახლოს ვიცნობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. როდესაც წინადადება წამოვიდა, ფინანსებზე არც გვილაპარაკია. მთავარი იყო, შეგვიძლია თუ არა კარგი მუშაობით კრიზისიდან გამოვიყვანოთ.

როდესაც საქმეში კარგად ჩავიხედეთ, დავინახეთ, რომ გუნდის კონტიგენტი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ჩვენ ეს კრიზისი გადაგველახა. ერთიც გასათვალისწინებელია – უცხოელს არასოდეს აპატიებენ იმას, რაც ადგილობრივს შეიძლება აპატიონ. საქართველოში პირიქითაა. ამიტომ ვთქვი უარი და გუნდის პრეზიდენტს ეს ვუთხარი. მერე მივიდა ახალი მწვრთნელი და 4 თამაშში 1 გოლი გაიტანეს. მაგრამ ის ადგილობრივი მწვრთნელია და დროს მისცემენ. არავინ საუბრობს, რომ ცუდი შედეგია“.