საფეხბურთო ტაიმაუტი | თენგიზ სულაქველიძე - ახალგაზრდულ ნაკრებში ისეთი თაობაა, შედეგის მიღწევა შეიძლება #1TVSPORT
თენგიზ სულაქველიძე იმედოვნებს, რომ თუ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ყველა სასურველი მოთამაშე დაემატება, ევრო 2023-ზე შედეგის მიღწევა შეუძლია – ამის შესახებ თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა ფეხბურთელმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა.
„მალე საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს და გამოჩნდება, როგორი მომავალი თაობა მოდის, ეს იქნება სარკე. ჩემი აზრით, ვისაც ამ ასაკში თამაში უწევს, ეროვნული ნაკრებიდან ახალგაზრდულს აუცილებლად უნდა დაეხმარონ და შევეცადოთ, კარგ შედეგს მივაღწიოთ. ამ ასაკში ისეთი ფეხბურთელები გვყავს, ყველა თუ შეიკრიბება, ვფიქრობ, რომ კარგი შედეგი უნდა ვაჩვენოთ.
შედარებაა არაა იმ პირობებთან, რაც ადრე იყო. ბევრი ნიჭიერი ბავშვი გაიზარდა. ამდენი ბაზა და სტადიონი კომუნისტების პერიოდში არ შენდებოდა. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებით მაგარი საქმე გაკეთდა, ამ ტურნირისთვის იმდენი სტადიონი განახლდა, მგონია, რომ ინფრასტრუქტურის პრობლემა ისეთი მწვავე აღარ იქნება.
პანდემიის გამო ორწლიანი ჩავარდნა იყო, ახლა კი საფეხბურთო ბუმია – ეს ყველა სკოლას ეხება. ჩვენს აკადემიაში ბავშვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ფედერაციამ ბევრი რამ გააკეთა, გაიხსნა ვარკეთილის, დიდი დიღმის, გლდანის, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრები. ადრე თუ 4-5 სკოლა იყო, ახლა დაახლოებით 50-მდეა და ნამდვილი ბუმია.
ჩვენს აკადემიაში ფედერაციამ მაღალი დონის საფარი დააგო, რომელსაც, ჩვენი გუნდების გარდა, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიც იყენებენ. ფედერაცია ერთი მოედნის შეცვლაზე დაგვეხმარა, მაგრამ 2-3 ჩვენი სახსრებით გავაკეთეთ. კლუბებიც უნდა ამუშავდნენ და სტადიონები და მოედნები თავადაც უნდა გააკეთონ“, – განაცხადა თენგიზ სულაქველიძემ.