საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ყვითელაშვილი - მიხეილ მესხმა „ავაზაში“ ამიყვანა და მის ვაჟთან ერთად ვთამაშობდი, მაგრამ შემდეგ მუსიკას გავყევი #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ყვითელაშვილი - მიხეილ მესხმა „ავაზაში“ ამიყვანა და მის ვაჟთან ერთად ვთამაშობდი, მაგრამ შემდეგ მუსიკას გავყევი #1TVSPORT

ცნობილი მუსიკოსი თემურ ყვითელაშვილი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი იყო და  საზოგადოებისთვის უცნობი ისტორია გაიხსენა.

„ბავშვობიდან ფეხბურთს  ვთამაშობდი. თქვენთვისაც ახალი ამბავი იქნება, 10 წლის ვიყავი, მიხეილ მესხმა „ავაზაში“ ამიყვანა. მის ვაჟთან, პატარა მიშიკო მესხთან ერთად ვთამაშობდი, მაგრამ შემდეგ მუსიკას გავყევი.

თუმცა სულ ვიყავი თბილისის „დინამოს“ გულშემატკივარი და არ შემიძლია, მადლიერება არ გამოვხატო, ბატონო ვოვა (გადაცემის თანაწამყვანს, ვლადიმერ გუცაევს მიმართა), თქვენი და თქვენი მეგობრების მიმართ იმის გამო, რაც გააკეთეთ. ეს იყო დაუვიწყარი მატჩები, რომლებიც ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იყო მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან ღირსეული და დამსახურებული გამარჯვებების პერიოდი. მსურდა, მადლიერება გამომეხატა თბილისის „დინამოს“  მიმართ, რომელმაც უდიდესი სიამოვნება და სიხარული მოგვიტანა. მარტო „ლივერპულთან“ გამარჯვება რად ღირს, ეს დაუვიწყარი შეხვედრა იყო, გუნდის თამაში კი ხელოვნების დონეზე გახლდათ აყვანილი.

დღევანდელ ფეხბურთში ბევრი რამ არ მომწონს, თამაში უფრო უხეში გახდა. ერთ გადაცემაში მკითხეს, დღეს რომელი მუსიკის მოსმენას გვირჩევდითო და 60-70-იანი წლებში შექმნილი კომპოზიციები დავასახელე.  კარგი არაფერი ძველდება. რაშიც გულია ჩადებული, ყველაფერი ფასეულია, ასევეა „დინამოს“ თამაშებიც. ეს მატჩები 30 წლის შემდეგაც არ გახუნდება“, – ამბობს თემურ ყვითელაშვილი.