საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ქეცბაია - თბილისის გუნდი ევროტურნირის ჯგუფში ყოველ წელს უნდა ხვდებოდეს #1TVSPORT
თემურ ქეცბაიამ ევროტურნირებზე ქართული გუნდების გამოსვლის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა და წარუმატებლობის მიზეზად მცირე ფინანსები დაასახელა.
„თბილისის და ბათუმის „დინამოებიდან“ უფრო მეტს მოველოდი. ბათუმელები „სლოვანთან“ ვნახე და გასვლის ღირსი იყო, მაგრამ არ მეგონა ასე თუ ითამაშებდა „ლეხთან“, სადაც პირველი მატჩის შემდეგ ყველაფერი გადაწყდა. სასიამოვნოდ გამაოცა „საბურთალომ“. პირველი ეტაპი გაიარა, მეორეში კი „სტიაუათან“ დამარცხდა, მაგრამ ადვილი მეტოქე არ შეხვდა და აჩვენა, რომ გასვლის ღირსი იყო. წლებია ასეთი გამოსვლები გრძელდება, გვიჭირს ევროტურნირებზე, მაგრამ რაც ჩემპიონატია, ის ხდება ევროთამაშებში. გუნდებს არ აქვთ საშუალება, უკეთესი ფეხბურთელები მოიყვანონ. გული მწყდება, რომ საქართველოს ჩემპიონატი არაა იმ დონეზე, როგორ დოენზეც იგივე კვიპროსია. ამ ქვეყანას კონფერენს ლიგაზე შარშან ორი გუნდი ჰყავდა, ორსაც წელს აქვს ჯგუფში ადგილი გარანტირებული და კიდევ ორი თამაშობს და შეიძლება, კიდევ ვინმე დაემატოს.
– ჩვენს ფეხბურთს სჭირდება ტელევიზიების, ბიზნესისა და გულშემატკივრების დაინტერესება. ყაზახებმა და აზერბაიჯანელებმა შეს ეძლეს, რადგან ფულს დებენ და კარგი ფეხბურთელები მოჰყავთ. გული იმაზე მწყდება, რომ თბილისი ამხელა ქალაქია და გუნდი ვერ გაკეთდა. არადა, ვინც ჩამოვიდა, ყველას დარჩენა და ხელმეორედ ჩამოსვლა სურს. ვერ მოიძებნა ხალხი, რომ „დინამოს“ მიხედონ. მე მგონი, თბილისს და საქართველოს მარტო ფეხბურთი აკლია. ეტყობა, იმ კაცმა (რომან ფიფიამ) ლიმიტი ამოწურა და საჭიროა, ისეთი ხალხი მოიძებნოს, რომლებიც იყიდიან და 1-2 გუნდი გვეყოლება, ევროტურნირებზე კარგად რომ ითამაშებს. ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის გუნდებს ვუყურებ და საქართველოს გუნდი ევროჯგუფში როგორ არ უნდა გავიდეს.
– მენეჯმენტის და ფულის განკარგვის პრობლემაც არის. თუ ფულიანი მეპატრონე გამოჩნდება, უნდა მიიყვანის ისეთი მენეჯერი, ვინც უცხოეთში ბევრ ხალხს იცნობს, კარგ ფეხბურთელებს მოიყვანს და ევროტურნირებზე კარგად ითამაშებს. არ მგონია, ასეთმა ქალაქმა და „დინამომ“, ასეთმა კლუბმა ჯგუფში ერთხელ მაინც ვერ ითამაშოს. ეს გუნდი ევროტურნირის ჯგუფში ყოველ წელს უნდა ხვდებოდეს, ესტონეთის გუნდთან კი არ უნდა აგებდეს“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.