საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრებისთვის მთავარი ერთა ლიგისთვის მომზადებაა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ წარუმატებელ შეხვედრებზე ისაუბრა.
„საქართველოს ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდა. ვთქვათ, ყაზახეთის ჯგუფში რომ ეთამაშა, შესაძლოა, გასვლისთვისაც ებრძოლა. გეთანხმებით, საკუთარ მოედანზე 50 ათასი მაყურებლის თვალწინ 1:7 რომ წააგებ, მძიმე გადასატანია, მაგრამ ერთა ლიგის გადამწყვეტი მატჩებისთვის მომზადებაში ნაკრებს ეს, გარკვეულწილად, დაეხმარება. გაიაზრებენ, რომ ასე თამაში არ შეიძლება, სხვა ტაქტიკასა და ფეხბურთელებს დაეყრდნობიან.
მთავარი ამოცანა ერთა ლიგისთვის მომზადებაა. მესმის, რომ ასეთი წაგება გულდასაწყვეტია. საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან 1:2 ან 1:3 რომ წაეგო, ასეთი აჟიოტაჟი არ იქნებოდა.
საქართველოს ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც პერსპექტივა აქვთ და დარწმუნებული ვარ, მომავალში ქართველ გულშემატკივარს ბევრჯერ გაახარებენ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე ძირითადი შესარჩევი ტურნირიდან მოხვდეს, არაა გამორიცხული, ფინალში მასზე სუსტმა ნაკრებმა ითამაშოს. ასე რომ, საქართველოს ნაკრებისთვის არც ისე ცუდი ვითარებაა. მთავარია, გუნდი მარტის თამაშებს მომზადებული შეხვდეს“, – ამბობს თემურ ქეცბაია.