საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ქეცბაია - კვიპროსის ნაკრებში მუშაობას იმიტომ დავთანხმდი, რომ პოტენციალი აქვს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ქართველმა სპეციალისტმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნასა და გუნდთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
„ერთა ლიგაზე ნაკრებს ორი თამაში აქვს დარჩენილი – საბერძნეთთან და კოსოვოსთან და ჩვენი მიზანი ქულის ან მეტის მოპოვებაა, რადგან ბოლოადგილოსანი „ც“ ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფს ითამაშებს. ასე რომ, ადვილი შეხვედრები არ გველის, მაგრამ სახლში ვთამაშობთ, საბერძნეთი კი პირველზეა გასული და გვაქვს შანსი, ქულა ან მეტი მივიღოთ. კვიპროსის ნაკრებში სულ მიდიოდა ლაპარაკი – ანორთოსისში“ მუშაობის დროს მქონდა შემოთავაზებები. კლუბიდან წასვლის შემდეგ კი უარი ვერ ვუთხარი.
– კვიპროსულ ფეხბურთში კრიზისი არის თუ არა? საინტერესო ადგილობრივი მოთამაშეები არიან, მაგრამ ყველგან არ თამაშობენ ძირითად შემადგენლობაში, გვყავს ლეგიონერები ბელგიაში, ბულგარეთში, შოტლანდიაში. კვიპროსის ნაკრებში მუშაობას იმიტომ დავთანხმდი, რომ პოტენციალი არის და იმედი მაქვს. თუმცა, ახლა ევროტურნირები დაიწყო და ნაკრების წევრების უმეტესობა სკამზე ზის. ეს ორი თამაში იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ შემდეგი შესარჩევი ეტაპისთვის გავძლიერდეთ და უკეთესად ვითამაშოთ, მაგრამ სამწუხაროდ, აქ არ არიან ისეთი ფეხბურთელები, როგორც საქართველოს ნაკრებში. მიხარია, რომ ჩვენი გუნდი პირველ ადგილზეა და იმედია, პოზიციას შეინარჩუნებს. ასეთ დონეზე გვინდა ვითამაშოთ და უკეთესი შედეგებისთვის ვიბრძოლოთ“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.