საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ქეცბაია - კვიპროსის ნაკრებში არაერთი საინტერესო ახალგაზრდაა, მაგრამ ბევრი უთამაშებელი გვყავს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო, რომლის გუნდიც ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ჯგუფში ითამაშებს.
მანამდე ერთა ლიგის ჯგუფში საბერძნეთის ნაკრების დამარცხებით, ქეცბაიას გუნდმა საქართველოს ნაკრებს კარგი საქმე გაუკეთა და „ჯვაროსნებს“ C დივიზიონში საუკეთესო შედეგი ჰქონდათ. ამით ვილი სანიოლის გუნდი პლეიოფში თურქეთსა და საბერძნეთს აცდა და ამ დივიზიონის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ მეტოქეს, ყაზახეთს შეხვდება.
„კვიპროსის ნაკრებში დანიშვნამდე „ანორთოსისთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებდა. მაგრამ მოვიდა ახალი ტექნიკური დირექტორი, რაღაც შეიცვალა და ვგრძნობდი, უკეთესი იქნებოდა, წავსულიყავი.
მერე შევხვდი კვიპროსის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელსაც კარგად ვიცნობდი, დავილაპარაკეთ და 2.5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ორი თამაში იყო დარჩენილი ერთა ლიგაზე. პირველი კარგად ჩავატარეთ საბერძნეთთან, რომელიც ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდი იყო.
სამწუხაროდ, მეორე შეხვედრაში ძალა აღარ გვეყო და დავმარცხდით კოსოვოსთან, რომელიც მართლაც საინტერესო გუნდია და კარგი დონის ფეხბურთელები ჰყავს. გავუკეთე თუ არა საბერძნეთის მოგებით საქართველოს საქმე? პირველ რიგში, კვიპროსის ნაკრების საქმე გავაკეთეთ.
ნაკრებში კარგი ვითარება არ იყო. ბოლო 21 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა. სულ უცხოელი მწვრთნელები ჩამოდიოდნენ და ის „ქიმია“ არ გაკეთდა, რაც მათსა და ადგილობრივ ფეხბურთელებს შორის იყო საჭირო. ახლა ბევრი საინტერესო ახალგაზრდა გვყავს.
ცუდი ისაა, რომ კვიპროსში ლეგიონერებზე ლიმიტი არაა, გუნდს 17 უცხოელის დამატება შეუძლია და ნაკრების ბევრი ფეხბურთელი არ თამაშობს. ქვეყანა ევროკავშირის წევრია და არის წესები, რომელსაც ვერ უგულებელყოფ“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.