საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ქეცბაია - კვიპროსის ნაკრები ისეთ ჯგუფში მოხვდა, წარმატებაზე ფიქრი რთულია #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ მესამე სეზონით დაბრუნდა. გადაცემაში კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ჩაერთო, რომელმაც ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში (სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს) გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„რამდენიმე მატჩი ცუდად არ გვითამაშია და, შესაძლოა, მეტს ვიმსახურებდით. როდესაც ხუთიდან ხუთ თამაშს წააგებ, სათქმელიც არაფერია, მაგრამ ბევრი რამაა გასათვალისწინებელი – კვიპროსის ნაკრები ისეთ ჯგუფში მოხვდა, წარმატებაზე ფიქრი რთულია.
ჟურნალისტებთან მქონდა შეხვედრა და პრობლემებზე ვისაუბრე. ეს თამაშები ერთა ლიგისთვის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია. სამწუხაროდ, კვიპროსის ნაკრების ფეხბურთელების ნაწილს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. კვიპროსის ჩემპიონატის წინა ტურში, 14 გუნდში ნაკრების ხუთმა ფეხბურთელმა ითამაშა.
ჩვენი ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდში, შეიძლება, ვერ მოხვდეს ნორვეგიის ნაკრები, რომლიც, თავადაც იცით, რა დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. თუმცა, ვცდილობთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ და თამაში გავაუმჯობესოთ, რათა ერთა ლიგაზე უკეთესი შედეგები გვქოდეს“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თემურ ქეცბაიამ.