საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ქეცბაია - გავაკეთოთ ძლიერი კლუბები და ევროტურნირის ჯგუფში რომ მოვხვდებით, საქართველოში უფრო მეტი ხალხი ჩამოვა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ქეცბაია - გავაკეთოთ ძლიერი კლუბები და ევროტურნირის ჯგუფში რომ მოვხვდებით, საქართველოში უფრო მეტი ხალხი ჩამოვა #1TVSPORT

„სხვათა შორის, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრას ვუყურებდი ბათუმის „დინამოს“ და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის და ძალიან საინტერესო თამაში იყო“, – ეს თემურ ქეცბაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა.

„შეიძლება, პრემიერლიგის დონე არ იყო, მაგრამ საინტერესო ნამდვილად გახლდათ, რადგან ძალიან ბევრი გულშემატკივარი იყო და ფეხბურთელები სხვა განწყობით თამაშობდნენ. ყველაზე სასიხარულო სავსე ტრიბუნებია. დარწმუნებული ვარ, ამდენი მაყურებელი რომ არ ყოფილიყო, ასეთი შეხვედრა არ გამოვიდოდა. გულშემატკივარი აძლევს ტონუსს, ფეხბურთელებმა ასეთი მონდომებით რომ ითამაშონ. (იცინის) შეიძლება, დაცვაში ყველას პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ნეიტრალური გულშემატკივრისთვის კარგი საყურებელი იყო.

– წარმოიდგინეთ თავად ფეხბურთელების მდგომარეობა – ამხელა სტადიონზე რომ თამაშობდნენ და კაციშვილი არ იყოს, როგორც ხდება „დინამოზე“ – ახლა არ ვიცი, როგორაა, ადრე კი ხალხი არ იყო. ამიტომ სტადიონზე გულშემატკივრის მოსვლა კარგია. საერთოდ, ვუყურებ, რომ თითქმის ყველა ქალაქში ხალხი დადის. ეს უფრო საინტერესო გახდის ფეხბურთს და კიდევ უფრო დააინტერესებს ვიღაცებს, რომ როგორმე მივხედოთ ამ ფეხბურთს. ჩვენთვის კი ფეხბურთი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია.

– მთელი მსოფლიო დაინგრა, პანდემიამ ეკონომიკა ყველგან შეარყია, მაგრამ ფეხბურთში ფასი ზემოთ მიდის. ფეხბურთი მსოფლიოში ერთადერთი ბიზნესია, რომელიც წარმატებულია ამ პირობებშიც კი და უფრო მეტი თანხები იხარჯება. ეს ჩვენთვის არის მაგალითი. საქართველო ფეხბურთის ქვეყანაა. აქაც ხალხი ისე უნდა დაინტერესდეს, როგორც ბათუმში და სტადიონზე მოვიდა.

– კვიპროსს ევროტურნირებზე ხუთი გუნდი ჰყავს, მათ შორის ორი – ჩემპიონთა ლიგაზე. ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოში უკეთესი გარემოს შექმნა არ შეიძლება – ვერ დავიჯერებ! კი, ერთი პერიოდი შეიძლება ფეხბურთელის ჩამოყვანა გაჭირდეს, მაგრამ ულამაზესი ქვეყანა გვაქვს. აქ ჩამოსული ერთი ადამაინი არ მინახავს, მეორედ ჩამოსვლაზე რომ არ ოცნებობდეს. რომ ჩამოიყვან და აცხოვრებ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ფოთში, ფეხბურთელები ერთმანეთს ეტყვიან, რომ კარგი ქვეყანაა და მერე ჩამოვლენ, ასე მოხდა კვიპროსზეც.

– რატომ არ შეიძლება თბილისში, ამხელა ქალაქში 5 და 10-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე კლუბები გაკეთდეს? ჩვენც ვნახოთ ჩემპიონთა ლიგის თუ ევროპის და კონფერენს ლიგის ჯგუფის თამაშები. ბოლო 15 წლის განმავლობაში კვიპროსის გუნდები ექვსჯერ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე და 12-ჯერ – ევროპის და კონფერენს ლიგის ჯგუფში.

წარმოიდგინეთ, ეს გააკეთა პატარა ქვეყანამ. ამ დროს, სად ჩვენი ტრადიციები და ტალანტი და სად იმათი… მაგრამ ყველაფერს ფული უნდა. „ანორთოსისი“ მარტო ტელევიზიიდან 2 მილიონ ევროს იღებს, ბილეთებიდან – მილიონს, სულ კი შემოსავლები 4,5 მილიონი ევრო აქვს.

აქაც რომ გავაკეთოთ ძლიერი კლუბები, ჩემპიონთა და კონფერენს ლიგაზე ჯგუფში მოხვდეთ, საქართველოში უფრო მეტი ხალხი ჩამოვა, უფრო მეტი დაინტერესება იქნება. ახლა კი საქართველოს ჩემპიონატს ისეთ დიდ ყურადღებას არ აქცევენ“.