საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ქეცბაია - ჩაკვეტაძეს „ანორთოსისში“ მეც დიდი სიამოვნებით წავიყვანდი, ქვილითაიას კარგი სეზონი ჰქონდა #1TVSPORT
„ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გიორგი ჩაკვეტაძეს სიამოვნებით ავიყვანდი“, – ამის შესახებ თემურ ქეცბაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა. კვიპროსული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ გიორგი ქვილითაიას ტრავმამ და ნაკრებში უთამაშებლობამ გული დასწყვიტა.
„ჩემთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნაკრებში გამოძახებულმა ქვილითაიამ ჩამოსვლა ვერ შეძლო. მას კვიპროსში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ნაკრების დახმარება შეეძლო. თუმცა ტრავმირებულია, დიდი დრო გაუცდა და სამწუხაროა, რომ არ იქნება.
– ძალიან გული მწყდება, რომ ჩაკვეტაძე ვერა და ვერ ჩადგა ფორმაში. არადა, როცა კარგად იყო, ისეთი თამაშები აჩვენა… ვერ აეწყო ვერც ბელგიაში და ვერც გერმანიაში. იმედი მაქვს, სეზონი დაიწყება და თავის სასურველ ფორმაში შევა. დიდი სიამოვნებით მეც წავიყვანდი, თუ ისურვებდა.
– სხვათა შორის, გერმანია, ინგლისი, ბელგია კლიმატით არასასურველი ქვეყნებია, ტრავმა თუ გაწუხებს. მე მგონია, რომ ჩაკვეტაძეს უფრო ესპანეთის ან იტალიის ლიგა მოუხდებოდა, სადაც თამაში უფრო ტექნიკაზეა აწყობილი. დიდი იმედი მაქვს, რომ თამაშს დაიწყებს – არ გვყავს ჩვენ იმდენი ფეხბურთელი, რომ ჩაკვეტაძე დავკარგოთ“, – ამბობს თემურ ქეცბაია.