საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ღაღანიძე - „დინამოს“ წაგების მიზეზი სისტემური პრობლემა მგონია #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის ყოფილმა წევრმა და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა, თემურ ღარანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი გუნდების გამოსვლაზე ისაუბრა.
„ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების წარმატებულმა სტარტმა გააჩინა იმედი, რომ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელები ევროტურნირზე თავს გამოიჩენდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, „დინამო თბილისთან“ მიმართებაში შევცდით, ბათუმის „დინამოზე“ კი ასე არ ვიტყვი.
„დილას“ თამაში არ გადაიცემოდა და ძნელია ამაზე იმსჯელო. „საბურთალოს“ ასე დეტალურად არ განვიხილავ, რადგან წელს ფაქტობრივად ახალი გუნდი გაკეთდა და მოთამაშეებს საერთაშორისო მატჩებში არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ. ალბანელებიც 40 წლის წინანდელ დონეზე აღარ არიან. ამ ქვეყანაში ფეხბურთის დონე მკვეთრად გაზრდილია და ეს მოთამაშეებზე უკვე აისახა – ალბანელი ფეხბურთელები ტოპ-ლიგებში თამაშობენ.
– „დინამოს“ რაც შეეხება, მაოცებს გუნდის მენეჯმენტი და იქ რაც ხდება. ვერ ვიტყვი, ინვესტიცია არ იდებაო. სხვაგვარად არ ექნებოდა ასეთი დონის აკადემია, სადაც ბევრი კარგი მოთამაშე გაიზარდა, მაგრამ სელექციასთან დაკავშირებით შეკითხვები მაქვს – ვის იტოვებენ და ვის უშვებენ. ნინუა ლიდერად ყალიბდებოდა, უცებ გაქრა და არავინ იცის, ახლა სად არის, ჩემთვის აუხსნელი იყო ის პორტირება, რაც სამი წლის წინ მოხდა – დაიშალა „ტორპედო“ და ქუთაისელთა ბირთვი „დინამოში“ მოიყვანეს, მაგრამ გუნდმა შედეგი ვერ მიიღო. ახლაც ჩვენთან მოედანზე რამდენი ლეგიონერი იყო, მაგრამ თავი ერთმაც ვერ გამოიჩინა.
– ძალიან ხშირია მწვრთნელების როტაცია, ამას კი ფეხბურთელების ცვლილება მოჰყვება, რადგან ყველა მწვრთნელს თავისი გემოვნება გააჩნია. მე („დინამოს“ წაგების) მიზეზი სისტემური პრობლემა მგონია. ჭიაბრიშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ეროვნულ ლიგაში გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ორი შესანიშნავი თამაში ჩაატარა, მაგრამ ეტყობა ეს ევროპულ დონეზე საკმარისი არაა. თუმცა, აქვე ვიტყვი, იმედს არ ვკარგავ, რომ „დინამო“ სწორ დასკვნას გააკეთებს და შემდეგ ეტაპზე მაინც გავა“, – ამბობს თემურ ღაღანიძე.