საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ბაბლუანი - კვარაცხელიას სიხარული, სითბო და ის განცდა მოაქვს, რომ ქართველი კარგია, ძლიერია და აღიარებენ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი ცნობილი რეჟისორი თემურ ბაბლუანი იყო, რომელმაც ქართული ფეხბურთის წარსულსა და მომავალ პერსპექტივაზე საინტერესოდ ისაუბრა.
„ჩემს ახალგაზრდობაში ფეხბურთი მარტო სპორტი არ იყო. ჩვენი ეროვნული ღირსების მაღალი საფეხური თბილისის „დინამო“ გახლდათ. ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს მთელი ერი იბრძოდა. „დინამოს“ ყველა გამარჯვება დიდი ზეიმი იყო, ხოლო წაგება – სევდა და მწუხარება.
ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავდა. მათ შორის, თქვენი გადაცემის წამყვანი, ვლადიმერ გუცაევი. მე და დათო ყიფიანი 53-ე სკოლაში ერთად ვსწავლობდით, დათო მერე სხვაგან გადავიდა. მაშინდელი „დინამოს“ მატჩები ჩვენთვის იყო მოვლენა. ბილეთი თუ არ გვქონდა, სტადიონზე უკანა შესასვლელიდან ვძვრებოდით.
შემდეგი პერიოდიდან ყველაზე მეტად ის დრო მახსენდება, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები პარიზში ცხოვრობდენ, „მილანის“ თამაშებს სულ ვუყურებდით, სადაც კახა კალაძე გამოდიოდა. გვეამაყებოდა და გვინდოდა, რომ სულ მოგებული ყოფილიყო.
ხვიჩა კვარაცხელიას თამაშებსაც მუდამ დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს და ვნერვიულობ. ამ ბიჭს სიხარული, სითბო და ის განცდა მოაქვს, რომ ქართველი კარგია, ძლიერია და აღიარებენ, ჩვენთვის ეს საამაყოა და ძალიან გვჭირდება“, – ამბობს თემურ ბაბლუანი.