საფეხბურთო ტაიმაუტი | ტარიელ ხეჩიკაშვილი - რუსთავში ამბიციური კლუბის დაფუძნება გვსურს, მაგრამ უეფა-ს პასუხზე ბევრია დამოკიდებული #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა რუსთავში განსახორციელებელ პროექტზე და უეფა-ში ლიცენზირების საკითხში მოულოდნელად შექმნილ დაბრკოლებაზე ისაუბრა.
„კლუბი თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე, ჩვენი მისია ნიჭიერი ბავშვების გაზრდა და ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების მომარაგება იყო. სწორი მენეჯმენტით პრეცედენტი შევქმენით, როდესაც საკუთარი აკადემიის აღზრდილებით საქართველოში ყველა ტიტული მოვიპოვეთ.
ამის მიუხედავად, წარმატებით ტკბობას არ უნდა მივეცეთ. პრობლემა ისაა, როდესაც თვითკრიტიკულად არ ვსაუბრობთ და ყურადღებას მხოლოდ პოზიტივზე ვამახვილებთ. სწორედ ამ პროცესში ბევრი რამ გავაანალიზეთ. ადამიანი წლების განმავლობაში ფეხბურთში ფულს აბანდებდე და ზაფხულში ევროტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ ნახევარი საქართველო გაგინებდეს, ეს მე არ მინდა. ერთ წრეზე სიარული მომაბეზრებელია. ამიტომ რაღაც შესაცვლელია.
ევროტურნირის ჯგუფში მოსახვედრად უფრო მეტი გამოცდილი ლეგიონერი და ინვესტიციაა საჭირო. ამიტომ დავიწყეთ ახალ პროექტზე ფიქრი. საფეხბურთო ზეიმი რომ შეიქმნას, საჭიროა გულშემატკივარი, სტადიონი, ინფრასტრუქტურა და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ასეთ ადგილად რუსთავი შევარჩიეთ. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რუსთავის ხელისუფლება როგორი მონდომებულია, რომ მათ ქალაქში საფეხბურთო ზეიმი შედგეს.
ჩანაფიქრით, „საბურთალო“ დარჩება ნიჭიერი ბავშვების სამჭედლოდ, ხოლო „რუსთავი“ უნდა გახდეს კლუბი, რომელიც ევროტურნირების ჯგუფში გასვლისთვის იბრძოლებს. გვაქვს მზაობა, მაგრამ პროექტის განსახორციელებლად იურიდიული მხარეა მოსაგვარებელი, რაც მხოლოდ ჩვენზე და ფეხბურთის ფედერაციაზე არაა დამოკიდებული.
საქმე ისაა, რომ ეროვნული ლიცენზია გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ლიცენზია და აქ, შესაძლოა, პრობლემას წავაწყდეთ. თუ წინასწარი გარანტია არ გვექნება და საერთაშორისო ლიცენზიას სამი წელი ვერ მივიღებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გადავეწყოთ და პროექტის შინაარსი შეცვალოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, დავეხმარებით რუსთავის საფეხბურთო სკოლას, თუნდაც სპორტის საერთაშორისო ფონდიდან. რუსთავი ნიჭიერი ბავშვების საბადოა და ბევრს შეიძლება, თავის გამოჩენის შანსი მიეცეს.
რაც შეეხება პროფესიულ კლუბს, ეს საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა გაცხადდეს და მომავალ კვირაში უნდა ვთქვათ, მომდევნო სეზონში „საბურთალოს“ სახელით ვიასპარეზებთ თუ „რუსთავის“. სეზონის წინ სიცხადეა საჭირო. ჩვენ მზაობა გვაქვს, ამბციური და ძლიერი კლუბი გავაკეთოთ“, – ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი.