საფეხბურთო ტაიმაუტი | სულიკო დავითაშვილი - ხვიჩაში სწორედ ეს სპორტული თავხედობა მომწონდა #1TVSPORT
რამდენად გაუძლებს ფიზიკურად ხვიჩა კვარაცხელია დაძაბულ სათამაშო გრაფიკს? ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილის მამამ, სულიკო დავითაშვილმა გამოთქვა.
„ხვიჩამ ჩემი და კახა გოგიჩაიშვილის ხელში გაიარა და ფაქტობრივად, ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. 21 წლისაა, მაგრამ ისეთ დონეზე თამაშობს, ჯერ მატჩი არ ჩაუგდია. ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებულია და ბევრის მიღწევა შეუძლია, თუ ასე გააგრძელებს. ღმერთმა დაიფაროს ტრავმისგან და ა.შ. ასეთი პროგრესი წარმოუდგენელია. სერია „ა“ დიდი ლიგაა, სადაც ბევრი დიდი ფეხბურთელი ჩადიოდა და თვეები ისე გადიოდა, გოლს ვერ იტანდნენ. ხვიჩამ კი უკვე 5 გოლი გაიტანა და ძალიან დიდი პროგრესი აქვს. ეს ძალიან მიხარია, რადგან დიდი ხანია ვიცნობ და ფეხბურთელად მის ჩამოყალიბებაში მეც ვმონაწილეობდი, („დინამო აკადემიაში“ – რედ.) ხვიჩას მწვრთნელი ვიყავი.
ჯიუტია თუ არა ხვიჩა და დავალებებს როგორ ასრულებდა? ხმის ამოუღებლად ვარჯიშობდა, თამაშის დროს კი სპორტული თავხედობა აქვს, რაც ფეხბურთელისთვის აუცილებელი თვისებაა. ამაში არც სპალეტის არ უნდა დაუჯეროს და არც არავის, რადგან რასაც აკეთებს, ასეც უნდა გააკეთოს. „აიაქსთან“ პასი რომ არ მისცა, გატანა უნდოდა. იგებენ თუ არა, არ აინტერესებს, სულ გატანა უნდა. ამიტომ არის ასეთი ფეხბურთელი. ყველგან ეს სპორტული თავხედობა ახასიათებს, რაც ყველაზე მეტად მომწონს მასში და კი ნახეთ, „ლივერპულის“ მცველებს რა უქნა. ეს ხვიჩას ძლიერი მხარეა და ამას არ გადაუხვევს.
„რუბინში“ ზუკა და ხვიჩა 18 წლისები ჩავიდნენ. მაშინ თქვეს, რომ ჩავარდნა ჰქონდაო. სინამდვილეში სხვაგვარად იყო საქმე. მაშინ მათი მწვრთნელი შარონოვი იყო და ამბობდა, ზუკა ტაქტიკურ დავალებებს მისრულებს, ხვიჩა კი თავის თავზე იღებს და ეს დავალებები ნაკლებად აინტერესებსო. ზუკას თავი რომ გაუტეხო, მწვრთნელი რომ არ თხოვს, იმას არ გააკეთებს, ხვიჩა კი დავალებების შესრულების გარდა, კარზე იყო დაგეშილი, უნდა მოეტყუებინა, უნდა შეექმნა და ამით გაიკვალა გზა. ეს ძალიან წაადგა, ახლა თავად განსაზღვრეთ, რამ გაამართლა. ის სულ უკან არის, მაგრამ ყველა შეტევაზე წინაა. ეს რამხელა ფიზმომზადებას მოითხოვს. ეს ხვიჩასთვის ბევრჯერ მითქვამს. „ნაპოლის“ თამაშები ადრეც მინახავს, მაგრამ ასეთი არ მახსენდება. ფეხბურთელების ასეთი ბალანსია იშვიათია.
მამუკა ჯუღელმა კარგად დაუგეგმა ყველაფერი. მისი და ზუკას განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ბევრი გუნდი იყო, რომლებიც დიდ ფულს იხდიდნენ. გაუშვა იქ, სადაც შედარებით ნაკლებს უხდიდნენ, ისევ როგორც ზურიკო, მაგრამ მათთვის ასე სჯობდა. მამუკამ იმუშავა და გამოჩნდა, რომ რუსეთის გარეთაც მშვენივრად მუშაობს“, – განაცხადა სულიკო დავითაშვილმა.