საფეხბურთო ტაიმაუტი | შოთა არველაძე - ქართველები და თურქები მაკრიტიკებდნენ, „ჰალის“ ფანები კი მხარს მიჭერდნენ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ინგლისიდან შოთა არველაძე ჩაერთო. ქართველმა სპეციალისტმა „ჰალ სიტისა“ და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა:
„ჰალ სიტი“ საკმაოდ კარგი გუნდია, პრემიერლიგასა და თასის ფინალში უთამაშია. წინა ხელმძღვანელობას გულშემატკივრებთან პრობლემები ჰქონდა, ახლა კი მეპატრონე შეიცვალა და სტადიონზე მოსულთა რაოდენობა გაორმაგდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოსვლის შემდეგ ხუთიდან ოთხი საშინაო მატჩი ვერ მოვიგეთ. აქ კლუბების უმეტესობა ფინანსურად გამართულია, რადგან დაზღვევისა და საგარანტიო სისტემა მუშაობს.
– ბევრი ვარჯიშის დრო არ გვაქვს, სულ თამაშებია, 7 კვირაში 11 მატჩი ჩავატარეთ. ახლა სანაკრებო პაუზაზე მეტი ვარჯიშის საშუალება გვექნება. უკვე ადაპტაციის პერიოდმა გაიარა. ვიცი, ჩემი გუნდისა და მეტოქეთა შესაძლებლობები. ხასიათიანი და ორგანიზებული გუნდი გვყავს, რომელიც არასოდეს ნებდება. ეს მწვრთნელს საქმეს უადვილებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უფრო კარგად ვიცავთ თავს, ვიდრე ვუტევთ.
„ჰალ სიტიში“ პირველი მატჩი მოვიგე, გასვლაზე თითქმის არ წამიგია, სახლის ყველა მატჩში კი დავმარცხდით. რაც ყველაზე აღსანიშნავია, ყველაზე მეტად ქართველი და თურქი გულშემატკივრები მაკრიტიკებდნენ და დამცინოდნენ, თავად „ჰალის“ ფანები კი მხარს მიჭერდნენ. ეს გუნდი ლიგაში ყველაზე დაბალბიუჯეტიანია „პიტერბოროსთან“ ერთად – ძალიან თბილი ფანები არიან, ძალიან მეხმარებიან. მათ იციან, რომ აქ 11 გუნდია პრემიერლიგაში რომ უთამაშია, ზოგს კი 10-12-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს.
– დიდი ხანი ველოდებოდი შრომის ვიზას, მე ხომ ჩვეულებრივი ქართული პასპორტი მაქვს, რითაც ვამაყობ. დრო მქონდა, თამაშებისთვის თვალი მედევნებინა. პრემიერლიგაში გადასვლა ყველას უნდა, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, რადგან გაცილებით მდიდარი კლუბებია. გაისად პრემიერლიგიდან სამი გუნდი დაქვეითდება, ყველას ბიუჯეტი 120 მილიონი ექნება – პლუს კიდევ სამია გუნდია, რომლებიც ლიგაში ვერ გადავლენ, მაგრამ კიდევ იბრძოლებენ და მათ 100-მილიონიანი ბიუჯეტი მაინც ექნებათ. „სქაი-სპორტთა“ნ ტელეკონტრაქტებით ჯამში ცხრა გუნდი მაინც არის, რომელთა ბიუჯეტიც 80-დან 120 მილიონამდეა. ამიტომ „ჰალ სიტი“ ეტაპობრივად უნდა განვითარდეს.
პრემიერლიგის მწვრთნელებიდან ყველაზე მეტად გერმანელებთან საუბარი მაინტერესებდა – კლოპთან და ტუხელთან. 5 მცველით არასოდეს მითამაშია, სულ 4 მცველს ვაყენებდი. ამ მხრივ დიდი გამოცდილება შევიძინე. ვერ წარმოგიდგენიათ, ესენი რამდენს და რა ტემპში ვარჯიშობენ. მე ყველა დონეზე ვითამაშე, შემდეგ ვიმუშავე, პლუს „რეალში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „ბარსელონაში“ ვარ ნამყოფი – მაგრამ გაოცებული ვარ, სპრინტის იმ რაოდენობით, რაც ინგლისშია“.