საფეხბურთო ტაიმაუტი | შოთა არველაძე - „ჰალიდან“ წამოსვლა ძალიან სტრესული იყო, პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი #1TVSPORT
შოთა არველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ჩართვისას საკუთარ გეგმებსა და „ჰალ სიტიში“ საქმიანობაზე ისაუბრა.
„პირველ ეტაპზე შეიძლებოდა ჩემი საქმიანობა წარმატებულად ჩათვლილიყო, სეზონი ისე დამთავრდა, როგორც გვინდოდა, ლიგაში დავრჩით და ახალი სეზონისთვის მზადება დავიწყეთ, რომელიც ჩემთვის არაჩვეულებრივად დაიწყო – აგვისტოში ლიგის საუკეთესო მწვრთნელი გავხდი, რაც შეიძლება გასაოცრად ჟღერდეს.
15 სექტემბერს კი, ფაქტობრივად, დავტოვე მწვრთნელის პოსტი – შეიძლება ითქვას, ჩემსა და ხელმძღვანელობას შორის გაუგებრობების გამო. გახდე საუკეთესო მწვრთნელი და ორ კვირაში პოსტი დატოვო, ჩემთვის ძალიან სტრესული იყო, ძალიან განვიცადე. ვუთხარი კიდეც (პრეზიდენტს), რომ ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი.
მაგრამ ასეთია ფეხბურთი, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება – დაველოდები სხვა შემოთავაზებას. ინგლისი არაჩვეულებრივია. ერთ-ერთია, სადაც კიდევ ვინატრებ მუშაობას. მაქსიმალურად შევეცდები, რომ კიდევ ერთხელ მოვხვდე ამ ქვეყანაში, რადგან არაჩვეულებრივი გარემო და სამუშაო პირობებია.
რაც შეეხება ჩემს ახალ არჩევანს, ამას დრო დასჭირდება და ალბათ, ახალი წლის შემდეგ, იანვარში გამოჩნდება, სად შეიძლება წავიდე“, – განაცხადა შოთა არველაძემ.