საფეხბურთო ტაიმაუტი | შოთა არველაძე - ევრო 2024-ის შესარჩევი აჩვენებს, ისევ ერთა ლიგის დონეზე ვართ თუ გავიზარდეთ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | შოთა არველაძე - ევრო 2024-ის შესარჩევი აჩვენებს, ისევ ერთა ლიგის დონეზე ვართ თუ გავიზარდეთ #1TVSPORT

შოთა არველაძემ ევრო 2024-ის წილისყრაზე და საქართველოს ნაკრების მეტოქეებსა და შანსებზე ისაუბრა – საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა პირველი არხის გადაცემაში, „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ ახლა გამოჩნდება, ჩვენი ნაკრები რა დონეზეა.

„ერთის მხრივ, ერთა ლიგა კარგია. არ მინდა ეს ტურნირი და იქ ვინმეს კარგი თამაში და შედეგი დავაკნინო. მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის შანსი, აქედან დიდ ტურნირზე უფრო ადვილად მოვხვდეთ.

მაგრამ ეს პროცესია და მოსამზადებელ ეტაპადაც გამოიყენებ. გასაგებია, ერთა ლიგაზე დაახლოებით ჩვენი დონის მეტოქეებს წელში გამართული ვეთამაშებით. ვაისის და სანიოლის პერიოდში გუნდის რაღაც სისტემა ჩამოყალიბდა. სხვათა შორის, ვამბობდი, რომ მისი ხშირი ცვლა არ შეიძლება, რადგან არ ვართ ისეთი განებივრებულები, რომ სხვადასხვა სისტემით ვითამაშოთ. სანიოლმა ეს სასურველი სათამაშო სქემა იპოვა.

ჯგუფიდან გასვლა თუ გვინდა, შოტლანდია, ნორვეგია და მსგავსი დონის გუნდები შეგვხდება – ცხადია, ესპანეთის დონისაც, სადაც თაობათა ცვლაა და იმ დონის ნაკრები აღარაა, რომელთანაც ქეცბაიას პერიოდის ნაკრებს მოუწია თამაში. ნორვეგიას ჰალანდი ჰყავს, რომელიც წარმოუდგენელი დონის თავდამსხმელია. „ოქროს ბურთის“ და „ბუცის“ რეალური კანდიდატია. მაგრამ ნაკრებში ისეთი პარტნიორები არ ჰყავს, როგორც „მანჩესტერ სიტიში“.

ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირი აჩვენებს, ისევ ერთა ლიგის დონეზე ვართ თუ გავიზარდეთ. ჩვენ გვყავს კვარაცხელია, დავითაშვილი და ჩაკვეტაძე, რომელიც ბოლო დროს ისევ კარგად თამაშობს, გვყავს მიქაუტაძე… დაცვა და მეკარეც საიმედოები არიან. კარში ლორიასა და მამარდაშვილს შორის არჩევანია და სანიოლიც გუნდს უკეთ იცნობს, ვიდრე მოსვლის პერიოდში. შესარჩევში კი ერთი გასროლა გვინდა“.